დღეს, თავდაცვის სამინისტროში „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების" თემაზე მეორე საპილოტე კურსი დაიწყო. ტრეინინგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქაროსანიძემ გახსნა და მის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ტრეინინგის მიზანს თავდაცვის სფეროში არსებული კორუფციული რისკებისა და მათი პრევენციის მექანიზმების განხილვა, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ანტიკორუფციული ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
სამდღიანი კურსი თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და თავდაცვის უწყების მმართველი რგოლის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვისაა განკუთვნილი. კურსის ტრენერები არიან როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები იუსტიციის სამინისტროდან და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან". ტრეინინგზე მომხსენებლებად ასევე წარსდგებიან ნატო-ს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელი ბენედიქტ ბორელი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" დიდი ბრიტანეთის ოფისის წამომადგენელი ევა ანდერსენი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის მსგავსი თემატიკის კურსების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (NATO Building Integrity Program), რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები