თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს თანამშრომლობა აშშ_თან არის დამოუკიდებელი. როგორც ალასანიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა ვითარდება ორმხრივ ფორმატში.
,,ბუნებრივია, გვინდა უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ უკრაინას და ასეც მოხდა, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა ვითარდება ორმხრივ ფორმატში. საბოლოოდ, ეს სენატის გადასაწყვეტია. ამ შემთხვევაში ერთადაა დაჯგუფებული ის ქვეყნები, რომლებიც ყველა უფრო მყიფე არიან ნატო-სთან ურთიერთობის კუთხით და ძალიან კარგი იქნება თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ არსებობს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია რომლის შემადგენელი ნაწილია უსაფრთხოება და თავდაცვა. ეს თანამშრომლობა დაწყებულია. აქედან გამომდინარე მე მომავალში პრობლემებს ვერ ვხედავ", - განაცხადა ალასანიამ.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ამ ქვეყნებს აღიარებს როგორც ამერიკის არა ნატოს წევრ, მთავარ მოკავშირეებს.
კანონპროექტის საბოლოო დამტკიცების შემდეგ ამერიკის მთავრობის ადამინისტრაციას საშუალება ექნება, რომ რუსულ სამხედრო და ენერგოკომპანიებს ახალი სანქციები დაუწესოს და უკრაინას სამხედრო დამხარება გაუწიოს.
კანონპროექტი ახლა კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უნდა დაამტკიცონ.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, მათ შორის - ტანკსაწინააღმდეგო, ჯგუფური იარაღისა და ამუნიციის. ასევე, რადიოლოკაციური სისტემების მიწოდებას მოწინააღმდეგის პოზიციების გამოსავლენად.
გათვალისწინებულია უპილოტო მზვერავი თვითმფრინავებისა და კავშირგაბმულობის სისტემების მიწოდებაც. ამისათვის აშშ-ს ბიუჯეტიდან 2015 წლისათვის 350 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმება.
დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია, აშშ-ს მთავრობის მიერ 10 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსული პროპაგანდისათვის წინააღმდეგობის გასაწევად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის.ამასთან აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, უკრაინა, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, აშშ-ის მთავარი პარტნიორის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიიღებს, რადგან უკვე აქვს აშშ-სთან თანამშრომლობის მსგავსი სტატუსი.
ამის შესახებ, პეტრო პოროშენკომ ტელეკომპანია CNN-ს ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.