საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილება საქართველოსთვის ავტომატურ უარს არ ნიშნავს.
,,აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადება მთავარი პარტნიორის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოსთვის ავტომატურ უარს არ ნიშნავს", - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზალკალიანმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ორმხრივი ინტენსიური თანამშრომლობა აქვს აშშ-თან.
,,ჩვენ თანამშრომლობის რამდენიმე ფორმატი გვაქვს, მათ შორის, სტრატეგიული ქარტიის ფორმატში. ასევე გვაქვს საუბარი საგარეო და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე და ა.შ. გარდა ამისა, ნატოს უელსის სამიტი და იქ მიღებული არსებითი პაკეტი უნდა მივიღოთ მხედველობაში. ეს პაკეტი საშუალებას გვაძლევს, ალიანსთან და მის პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივად ვიმუშავოთ"-განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, უკრაინა, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, აშშ-ის მთავარი პარტნიორის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიიღებს, რადგან უკვე აქვს აშშ-სთან თანამშრომლობის მსგავსი სტატუსი.
ამის შესახებ, პეტრო პოროშენკომ ტელეკომპანია CNN-ს ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.