სოხმურ გამოცემა „ლრაგირში" გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „ვისზე დებს ფსონს რუსეთი სომხეთში", განხილულია საქართველოში შექმნილი სიტუაცია, რომელიც სომხურ რეალობასთანაა შედარებული.
„ჩვენს მეზობელ საქართველოში ახალი სახელისუფლებო კრიზისის ვითარდება: როგორც ქართული მასმედია წერს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის „კაცად ითვლება", მოულოდნელად დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გატარებას ცდილობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ეს კრიზისი, რასაკვირველია, საქართველოს სუვერენული საქმეა, მაგრამ არის ორიოდე ნიუანსი მასში, რომელიც შეიძლება სომხეთისთვის საინტერესო იყოს. „რუს ოლიგარქად" შერაცხული ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო თუ არ მოისურვა საქართველოს პროევროპული და პრონატოური კურსის შეცვლა. მართალია, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო, მაგრამ „გენერალური ამოცანა" - საქართველოს რუსეთთან ჩახუტება შეუსრულებელი დარჩა. ზოგიერთი თბილისელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ კრიზისს სწორედ მარგველაშვილ-ივანიშვილის ურთიერთობის ხასიათი განაპირობებს. უკვე აღნიშნავენ, რომ რუსეთის მცდელობები გავლენა მოახდინოს საქართველოზე მარცხს მარცხზე განიცდის და საქართველო შეუქცევადად ხდება ევროატლანტიკური სივრცის შემადგენელი ნაწილი. თითქმის იგივე სურათია უკრაინაშიც - პრომოსკოვური ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ ახალი ხელისუფლება, ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მაინც ევროპისაკენ მიილტვის...
თუ ამ მოვლენებს სომხურ სინამდვილეს შევადარებთ, უცნაურ პარადოქსს შევამჩნევთ: სომხეთის ხელისუფლებაც და ძირითადად, ოპოზიციაც პრორუსულია, მაგრამ კრემლი მათ ერთგულ პარტნიორებად არ მიიჩნევს: ანუ ოფიციალურად ისინი რუსეთის მომხრეები არიან, არაოფიციალურად კი ევროპისაკენ იყურებიან...
მოსკოვი, ალბათ, სერჟ სარქისიანს ევრაზიულ კავშირის მიერთების შეთანხმებაზე ხელს მაინც მოაწერინებს, მაგრამ საქართველოს გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველაზე პრორუსული ხელისუფლებაც კი ვერ წაიყვანს ქვეყანას ეროვნული ინტერესების საზიანოდ. რაღაც მომენტში ხელისუფლების „პრორუსულობა" თავის შინაარს კარგავს".