ძალიან სამწუხაროა, რომ შიდა საუბრები და მიმოწერა საჯარო ხდება, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმოწერის გასაჯაროების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ იქნება.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა აშშ-ისშენატში დღეს დაგეგმილ განხილვას და განაცხადა, რომ საქართველოს ნომერ პირველი და სტრატეგიული პარტნიორი ისედაც არის აშშ-ი და ამაში ახალი არაფერია.
მთავრობის მეთაურს ასევე დაუსვეს კითხვა ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ძალიან ცუდია, რომ "უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი", ამ თემით სპეკულირებენ და ამაში ოჯახსაც რთავენ.
"ეს შემთხვევა მოხდა " ნაციონალების" დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.