ENG / RUS       12+

ქართველი ექს-მინისტრი: კარლ ბილდტი კორუფციონერია

სანამ კარლ ბილდტი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდა, იგი პიარ-კომპანია „Kreab"-ის ხელმძღვანელი იყო. აი, სწორედ ამ დროს, 2006 წელს, საქართველოს მთავრობა ზემოხსენებული კომპანიის კლიენტი გახდა. „აფტონბლადეტს" დღეს საშუალება აქვს გამოაქვეყნოს დოკუმენტები, რომლებშიც ნაჩვენებია საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ გადახდილი აქამდე უცნობი თანხები, რომელიც 18 მილიონ შვედურ კრონს აღემატება.
- ბილდტი კორუფციონერია, - ამბობს გიორგი ხაინდრავა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ექს-მინისტრი „აფტონბლედეტთან" საუბარში.
საქართველოს იმიჯისათვის?
რომელიმე პიარ-კომპანიის დაქირავება კონფლიქტურ რეგიონებში ხელისუფლების იმიჯის გასაუმჯობესებლად იშვიათობას არ წარმოადგენს. საინფორმაციო ომის სწორად წარმოებას კონფლიქტების მოგვარებისა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, კარლ ბილდტის პირად მეგობარს უნდოდა საკუთარი თავი დასავლელი ლიდერების წინაშე თანამედროვე ადამიანად წარმოესახა. ამას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთთან მიმართებითაც. კარლ ბილდტთან დადებული კონტრაქტი ამ მიმართულებით აუცილებელი იყო და როცა იგი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, თავისი პოლიტიკური თანამდებობა საქართველოს სამსახურშიც ჩააყენა. კარლ ბილდტი საქართველოს 11-ჯერ ეწვია.
2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე კარლ ბილდტის კომპანიის სახელზე საქართველოდან 14 საბანკო გადარიცხვაა გაკეთებული 4 მილიონ 200 ათასი ლარის ოდენობით, რაც 18 მილიონ შვედურ კრონს შეადგენს. დოკუმენტებს ხელი მოაწერა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. ფული ბელგიურ „ING Bank"-ში გადაირიცხა და მიიღო ვინმე გეორგ დანიელმა, კარლ ბილდტის კომპანიის წარმომადგენელმა ბრიუსელში. გარდა ამისა, არსებობს პრემიერ-მინისტრის წერილი გეორგ დანიელისადმი, რომლის მიხედვით, კონტრაქტის თანახმად, „Kreab"-ს ყოველთვიურად დამატებით ერთი მილიონი დოლარი მიეცემა „სპეციალური პროექტებისათვის". ეს თანხები გადაირიცხა 2008 წლის იანვარ-თებერვალში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
თაღლითობა
საკითხი ეხება იმას, თუ რამდენად ახდენდა გავლენას შვედეთის საგარეო პოლიტიკაზე კარლ ბილდტისა და მიხეილ სააკაშვილის პირადი ურთიერთობები. აშკარაა, რომ იგი მხარს სწორედ მიხეილ სააკაშვილის მთავრობას უჭერდა, ამის უარყოფა ძნელია. შვედეთის ელჩმა, ძველი პლეადის წარმომადგენელმა ჰანს გუნარ ადენმა გვითხრა, რომ როცა მან 2008 წლის არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილის თაღლითობის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, მინისტრმა საყვედური გამოუცხადა. კარლ ბილდტმა მომწერა, რომ „არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოო". მოგვიანებით საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჰანს გუნარ ადენის ეჭვები დაადასტურეს. დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული სისხლის სამართლის საქმეებიდან ერთ-ერთი სწორედ არჩევნების გაყალბებაა.
სკანდალები
კარლ ბილდტის ზემოხსენებულმა მისიამ მინისტრის თანამდებობას ჩრდილი მიაყენა, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს ყოფილ მთავრობასთან ურთიერთობის სკანდალი კარლ ბილდტის ცხოვრებაში პირველი არ არის. ცნობილია მისი მონაწილეობა ერთ-ერთ ნავთობკომპანიასთან დაკავშირებულ სკანდალში, რომელიც სუდანში მოხდა. გარდა ამისა, კარლ ბილდტი რამდენიმე წელი ემსახურებოდა რუსი ოლიგარქების ფინანსურ ინტერესებს. შვედი მინისტრი ლობირებდა აგრეთვე აშშ-ის შეჭრას ერაყში ერთ-ერთი მემარჯვენე ორგანიზაციის „ერაყის გათავისუფლების კომიტეტის" ეგიდით. უფრო მეტიც - კარლ ბილდტი ამ ქვეყანაში მოქმედი რუსულ ნავთობკომპანიასთანაც იყო დაკავშირებული.
კორუფცია
თუ გავითვლისწინებთ იმას, რომ საქართველოში მომხდარ ამბებში დიდი ფული იყო ჩადებული, კარლ ბილდტის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები საკვირველი არ არის.
- მე ნამდვილად ვთვლი და ვამტკიცებ, რომ კარლ ბილდტი პოლიტიკური კორუფციითაა დაკავებული. იგი მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ჯიბეში ჰყავდა ჩასმული, - ამბობს გიორგი ხაინდრავა, საქართველოს მთავრობის ექს-მინისტრი.
შვედეთში ჩვენთვის ასეთი რამ წარმოუდგენელია, მაგრამ საქართველოში კორუფცია სერიოზულ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.
კარლ ბილდტი უარყოფს...
„აფტონბლადეტთან" ინტერვიუში კარლ ბილდტმა ყველაფერი უარყო. როგორც ყოველთვის, მან ჩვენს შეკითხვებს პასუხი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გასცა:
- რა შეგიძლიათ თქვათ თქვენი კომპანიის მიერ ქართველი კლიენტურის მომსახურების შესახებ?
- მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. საქართველოსთან საერთოდ არავითარი მოლაპარაკება არ გამართულა.
- დოკუმენტების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი კომპანიის წარმომადგენელს გეორგ დანიელს 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე 18 მილიონი გადაუხადა. ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება თბილისის მიერ ამერიკული პიარ-სააგენტოებისთვის გადახდილ თანხას ხუთი წლის მანძილზე. რატომ ითვლებოდა „Kreab"-ის მისია ესოდენ ძვირფასად საქართველოსთვის?
- მე არ ვიცი. ეს თვითონ მათ უნდა ჰკითხოთ. ამ კომპანიასთან მე დიდი ხანია არაფერი არ მაკავშირებს...
- თქვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირეთ და განაცხადეთ, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. ელჩმა ჰანს გუნარ ადენმა განაცხადა, რომ თქვენ უკმაყოფილო დარჩით მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომლის ტანახმად, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. იგივე დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც. რატომ ამტკიცებდით, რომ არჩევნების შედეგებზე ეჭვი არავის უნდა ჰქონოდა?
- სინამდვილეში რაც მე ვთქვი, იყო ის, რომ არჩევნები იდეალური არ იყო-მეთქი, იგივე თქვეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც. რაც შეეხება ელჩ ჰანს გუნარ ადენს, ეს სულ სხვა ისტორიაა...
- ქართველი ექს-მინისტრი გიორგი ხაინდრავა აცხადებს, რომ თქვენ „პოლიტიკურად კორუმპირებული პიროვნება" ხართ, რომ თქვენ „ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში იჯექით" და რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Kreab"-ს შორის გაფორმებული კონტრაქტი კორუფციულია... რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- მე უკვე გავაკეთე კომენტარი... რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, იგი მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეა და ოპოზიციას მიეკუთვნება. ეს, ალბათ, რაღაცაზე მიგვანიშნებს. იგი ჩემზე იმიტომაა გაბრაზებული, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენელებთან ერთად, მეც გავაკრიტიკე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გამოყენებული სამართლებრივი დევნის მეთოდები ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ჩემმა თვალსაზრისმა მძაფრი შეფასებები გამოიწვია.
(შენიშვნა: პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება აგრეთვე კომპანიის წარმომადგენელს გეორგ დანიელსს, რომელმაც დაადასტურა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობისა და თანხების მიღების ფაქტები, თუმცა მან დააზუსტა, რომ აღნიშნული თანხა მთლიანად მათი კომპანიის „ანგარიშზე მთლიანად კი არ ჩარიცხულა, არამედ განაწილდა სხვა კონსულტანტ ფირმებზე". მან ეს ფირმები არ დაასახელა. გეორგ დანიელსმა აგრეთვე განაცხადა, რომ ფულის მიღებაში არავითარი კორუფციული მიზნები არ ყოფილა, „ეს აბსურდია". მისი თქმით, კარლ ბილდტი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა, იგი იმ დროს ჩვენს კომპანიაში აღარ მუშაობდა, თუმცა პოლიტიკური კონტაქტების საკითხში გვეხმარებოდა. მოგვიანებით საერთოდ წავიდა ჩვენგან". სტატიას თან ერთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ თანხების გადარიცხვისა და საქმიანი მიწერ-მოწერის ამსახველი დოკუმენტები.
გარდა ამისა, „აფტონბლადეტში" გამოქვეყნებულია აგრეთვე ვრცელი ინტერვიუ დიპლომატ ჰანს გუნარ ადენტანაც, რომელიც საუბრობს კარლ ბილდტისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაზე, კარლ ბილდტთან მომხდარ კონფლიქტზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნების ობიექტურობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ).
ავტორი: . .