საქართველოს პრეზიდენტი დღეს ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე გამართულ ავიაშოუს დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე მოწყობილი გამოფენაც დაათვალიერა და ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო პილოტებმა ლ-39 „ალბატროსი"-ს, სუ-25 „მიმინო"-ს და AN-2 ტიპის თვითმფრინავებით უმაღლესი პილოტირების მანევრები შეასრულეს. ავიაშოუში ჩართული იყო UH-1H "იროკეზის" ტიპის ვერტმფრენიც. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მი-8 და AS-332 "ევროკოპტერის" ტიპის ვერტმფრენები, AN-2 ტიპის თვითმფრინავი და უპილოტი საფრენი აპარატები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, „ჯარის მეგობართა საზოგადოების" წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვები.