ქ. ბაქოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის რიგით მეოთხე შეხვედრა, მიმდინარეობს, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ესწრება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს"საგარეო უწყებიდან აცნობეს ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი, ასევე, აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ყველა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები.„აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეოთხე შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს ინიციატივის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი და იმსჯელეს 2015 წლის ქ. რიგის სამიტისთვის დასახულ გეგმებზე. შეხვედრისას ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი განვითარების მნიშვნელობასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მან საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთახმების იმპლიმენტაციის საკითხებზე და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტისთვის საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე. აღსანიშნავია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეოთხე შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ წინ უსწრებს 2015 წლის ქ. რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს, რაც მხარეებს სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის საშუალებას მისცემს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმარული დიალოგი საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიის გარდა, ასევე მოიცავდა სექტორული დიალოგის შეხვედრას ენერგეტიკის საკითხებზე.
შესაბამისად, ღონისძიებაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.