აშშ-ის თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. ჩაკ ჰეგელმა უკვე დატოვა საქართველო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ დიმიკმა გააცილეს.
ამერიკელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა. პენტაგონის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოხატა, რომ აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. ჩაკ ჰეგელმა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებული პაკეტი დადებითად შეაფასა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისშიც" იმყოფებოდა და ქართველ სამხედროებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდა. მან განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ქართველი სამხედროების მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილი და ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი.