საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ISAF-ის მისიის ფარგლებში, ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე" ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში 5 თვის განმავლობაში მსახურობდნენ.
გაძლიერებული ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა. მან ქართველ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ქაბულში ბაზა „ფენიქსზე" საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა.
13-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით აპრილში გაემგზავრნენ. I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა ავღანეთში საბრძოლო ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და მისიის დასრულების შემდეგ საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.