საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი ეწვევა. ჰეიგელი, ხვალ, 7 სექტემბერს, შეხვედრას გამართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან. თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილია აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების პირველი პირი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
ხვალვე, ჰეიგელი კრწანისის სასწავლო ცენტს ეწვევა.
პენტაგონის პრეს-სპიკერის, ადმირალ ჯონ კირბის განცხადებით, საქართველო აშშ-სა და ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი შესაძლებლობების მქონე პარტნიორია.
ადმირალ კირბის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში აშშ-ის ღირებული პარტნიორია. აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი სურვილი აქვს ქართველ ხალხს მათ მიერ შეტანილი წვლილისა და გაღებული მსხვერპლის გამო მადლობა გადაუხადოს.
პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის დროს, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ის თავდაცვის მდივნის დღის წესრიგში ძირითადი თემა იქნება.