რესპოდენტის შესახებ
ციტატა: "ბოლოს და ბოლოს, უნდა გავიგოთ, რომ დიდი ევროპული ოჯახის წევრი ვხდებით, მაგრამ ეროვნულობასა და სარწმუნოებაზე უარის თქმას არავინ გვაიძულებს. რატომ გვგონია, რომ კათოლიკებს თავიანთი სარწმუნოება ჩვენზე ნაკლებად უყვართ? 105 დღე ირლანდიაში ვცხოვრობდი და ისეთი წმინდა ოჯახები, როგორიც იქ ვნახე, არსად მინახავს! ამიტომ, ნურავის ჰგონია, რომ გლობალიზაცია გარყვნილებაა. ცხადია, გლობალიზაციას ნეგატიური პროცესები ახლავს, მაგრამ იმას არ უნდა მივეძალოთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. იცით, დუბაიში რა ხდება? _ მოსახლეობის 85 პროცენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩასული. რა არის იმაში ცუდი, რომ ქართველი თუნდაც არაბთან იყოს დასაქმებული? იმას, ცხადია, არაფერი სჯობია, რომ ფერმერი ქართველი იყოს, მაგრამ ქართველი ფერმერი რომ გახდეს, ამაში ხელი ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს, ოღონდ არა _ 5-5 ათასის დარიგებით. პოლიტიკოსების განცხადებები, ჩინელებს საქართველოში რა უნდათ და მიწა არ გავყიდოთო, სადღეგრძელოებს მახსენებს. გაიძახიან, ქართული ბაზარი თურქული პომიდორით გაივსოო, ბატონო, შენ თურქულზე უკეთესი პომიდორი მოიყვანე და გაყიდე, ვინმემ დაგიშალა?"
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკის ექსპერტი სოლომონ პავლიაშვილი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოელი პოლიტიკოსების მუქარანარევი განცხადებები განცხადებებად დარჩება და რუსეთი საქართველოს მორიგ ემბარგოს არ დაუწესებს. ამასთან, პავლიაშვილი "ქართულ სიტყვასთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების მიუხედავად, საქართველომ ეკონომიკური კავშირი არც ე.წ. ბრიკისა და შუა აზიის ქვეყნებთან უნდა გაწყვიტოს. საერთოდ, ეკონომიკის ექსპერტი თვლის, რომ განვითარების გზაზე მდგარი ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი რეგულაცია, როგორიც, მაგალითად, რეცეპტების ინსტიტუტი თუ სიგარეტზე აქციზის გაზრდაა, უარყოფით კვალს დატოვებს. სხვათა შორის, სოლომონ პავლიაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სპეციალური გადაცემების ციკლი მოამზადოს, რომლის მიზანიც მოსახლეობის ეკონომიკის ანა-ბანაში გათვითცნობიერება იქნება...
სულიკო პავლიაშვილი: _ ის განცხადებები, რასაც რუსული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ, რაღაცნაირად მთავრობის გამოძახილია ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ, ამჯერად რუსული ემბარგო არ ამოქმედდება და ეს ქართული მხარისთვის, უბრალოდ, გაფრთხილებაა, თორემ ემბარგო თავად რუსეთსაც არ აწყობს, რადგან ჯერ ერთი, ბევრი იმპორტიორი რუსული კომპანიის წარმომადგენელია, მეორეც, რუსულმა ბაზარმა ქართული ღვინო კარგად მიიღო. ისე, რუსებისგან გამორიცხული არაფერია _ მათ სპონტანურობა ახასიათებთ. საერთოდ, მხოლოდ რუსეთი კი არა, გარკვეულ კანონზომიერებაში ე.წ. ბრიკის ქვეყნებიც არ ჯდებიან _ ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი და ჩინეთი მადნეულის, ნავთობისა თუ დიდი შრომითი რესურსებით გამოირჩევიან და ეკონომიკური კრიზისის დროსაც, დიდი ოცეულის შეკრებებში არ მონაწილეობდნენ, რადგან სხვა მიდგომები ჰქონდათ. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ მაშინ რუსეთში, სამამულო წარმოების მხარდაჭერის მიზნით, უცხოური ავტომანქანების შეყვანა, ასევე, ხორბლის იმპორტი და ექსპორტი აიკრძალა, რაც მსოფლიო ხორბლის ბაზარს სერიოზულად დაეტყო.
_ კრემლი იმუქრება, რომ გარკვეული ემბარგო შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის სამრეწველო პროდუქციაზეც დააწესოს. ამით რას მიღწევს?
_ რუსეთი ხვდება, რომ ყველაფერი ეს ცუდი თავისივე ეკონომიკისთვისაა და ამით გარკვეულ ხარაკირს იკეთებს, მაგრამ პოლიტიკის დონეზე, ეს განცხადებები რაღაც ქაოსს მხოლოდ რუსულ ბაზარზე კი არა, იმ ინვესტორებშიც იწვევს, რომლებიც აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები არიან.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, მინდა, ქართველი ფერმერები და მეწარმეები დავამშვიდო, რადგან მგონია, რომ რუსული ემბარგო არ იქნება _ ეს, როგორც აღვნიშნე, თავად რუსეთს არ აწყობს, მაგრამ აქვე, მინდა, ყურადღება ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებაზე გავამახვილო, რომელიც ალტერნატიულ ბაზრებს შეეხება და რომელიც დამღუპველია.
_ რატომ?
_ ანალოგიური განცხადება 2006 წელს მაშინდელმა პრემიერმაც გააკეთა, კი ბატონო, რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა, მაგრამ არა უშავს, ქართულ ღვინოს ალტერნატიულ ბაზრებზე გავიტანთო, მაგრამ იცით, რა მოხდა? _ 2005 წელს რუსულ ბაზარზე 85 მილიონი დოლარის ღვინო გვქონდა გატანილი, 2007-ში კი, 20-22 მილიონის გავიტანეთ, რაც წარმოუდგენელი ვარდნა იყო და ეს ციფრი 1999-2000 წლების მაჩვენებელს გაუტოლდა. სხვათა შორის, მაშინ ბაზარი მზარდი იყო... მოკლედ, ალტერნატიული ბაზრების მოძებნა ადვილი არაა.
_ "ოცნების" ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება, რამაც ქართველი მეწარმეები აღაფრთოვანა, სწორედ რუსული ბაზრის გახსნა იყო. გამოდის, რომ ეს დაპირება დაპირებად დარჩა?
_ არა _ რუსული ბაზარი ღვინისთვის, ბოსტნეულისა და ხილისთვის გაიხსნა. 2014 წლის პირველ 6 თვეში, რუსეთში 85 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
_ და ეს ქართულ ეკონომიკას რატომ არ ეტყობა?
_ ყოველ შემთხვევაში, გლეხი და მევენახე კმაყოფილია. მეტიც, გლეხებმა "საფერავისა" და "რქაწითელის" გაშენება ისევ დაიწყეს. ამას ბიძგი იმანაც მისცა, რომ "რთველი 2013" ძალიან კარგად ჩატარდა. გლეხები ელოდებიან, რომ სახელმწიფოს მხრიდან წელსაც მაღალი ფასი იქნება. ყველაფერ ამას კი, ხელი რუსულმა ბაზარმა შეუწყო და ამ ბაზრის ჩაკეტვა მხოლოდ იმპორტიორებისთვის კი არა, ქართველი მეწარმეებისთვისაც კატასტროფა იქნება...
საქართველოს პოლიტიკური ვექტორი ევროპულია და მივესალმები, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება დააჩქაროს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართული ღვინისა და ხილისთვის დომინანტი ბაზარი რუსეთია. ზოგი ამბობს, რომ რუსეთის ალტერნატივა ჩინური ბაზარია, მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგან ჩინეთი 2 მილიარდამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს...
_ აქ ლაპარაკი მხოლოდ ღვინოზე ხომ არაა?
_ კი ბატონო, მაგრამ ჩინურ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება ძალიან რთულია. თქვენ რა, გგონიათ, ქართული ღვინო რუსეთში ისევ ისე იყიდება, როგორც ადრე იყიდებოდა? _ ის თაობა, რომელსაც ქართული ღვინო უყვარდა, ცოცხალი აღარაა, ახალგაზრდობას კი, ფრანგული და იტალიური ღვინო ურჩევნია. სხვათა შორის, რუსულ ბაზარზე დაბრუნებულ ღვინოს ძალიან მაღალი ფასი ჰქონდა _ ჩვენი საშუალო დონის ღვინო 7-8 დოლარი ღირდა და ეს მაშინ, როცა მაგალითად, ფრანგული ღვინო გაცილებით იაფია. წელს, ვფიქრობ, სიტუაცია შეიცვლება და ფასი შედარებით მისაღები იქნება.
_ ისე, ბატონო სოლომონ, მოსახლეობას რუსულ ბაზარზე მეტად ე.წ. რეცეპტების რეფორმა აღელვებს...
_ ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა...
_ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიაა _ წამლის მწარმოებელს მხოლოდ აფთიაქი კი არა, საკუთარი კლინიკაც აქვს. ამასთან, ცნობილია, რომ ამ კლინიკის მედპერსონალი პაციენტს მაინცდამაინც თავისი ფირმის წარმოებულ მედიკამენტს უწერს. ამ ფონზე, გამორიცხავთ, რომ ე.წ. საყოველთაო რეცეპტები კორუფციის ერთგვარი წყარო გახდეს?
_ ეს თემა ორ ნაწილად უნდა გავყოთ. თავის ქებად არ ჩამითვალოთ, მაგრამ რვა წელია, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მონოპოლიებზე ვლაპარაკობ და სამეცნიერო სტატიებსაც ვაქვეყნებ. ანტიმონოპოლიური სამსახური შეიქმნა და, ნება იბოძოს, გამოვიდეს და ამ თემაზე განცხადება გააკეთოს, მაგრამ არ ვიცი, ეს უწყება რას აკეთებს. სხვათა შორის, ისიც შესასწავლია, მედიკამენტები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, ხარისხიანია თუ არა.
რაც შეეხება რეცეპტებს, მოტივაცია, რომ ეს ხელს რაციონალურ მკურნალობას შეუწყობს, მიუღებლად მიმაჩნია. კი ბატონო, ხშირად ფარმაცევტები, ანუ პროვიზორები ექიმის ფუნქციას ითავსებენ, რაც კარგი არაა, მაგრამ საყოველთაო რეცეპტებს შესაძლოა, გარკვეული სოციალური პრობლემა მოჰყვეს.
_ რას გულისხმობთ?
_ სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ე.წ. მეორე ჯგუფის მედიკამენტების სია გაბერილია, ანუ შეიძლებოდა, რომ რეცეპტის გარეშე გაცილებით მეტი წამალი გაყიდულიყო.
_ თქვენი აზრით, ამ "გაბერვის" მიზანი რა არის?
_ "გაბერვის" მიზანი შეიძლება, ის იყოს, რომ პაციენტი ექიმთან აუცილებლად მივიდეს. ე.წ. საყოველთაო დაზღვევა ყველა შემთხვევაში უფასო კი არა, თანადაფინანსებითია. ამასთან, ოჯახის ექიმი ყველა დაავადებაზე ვერ გაგსინჯავს და შესაბამისად, ვერც რეცეპტს გამოგიწერს...
_ ესე იგი, ობივატელმა შეიძლება, იფიქროს, რომ რეცეპტების შემოღებით სახელმწიფო რაღაცნაირად ბიუჯეტის შევსებას ცდილობს?
_ ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიმეორებ, გარკვეული სოციალური პრობლემა შეიქმნება.
_ "სოციალურ პრობლემაში" მაინც, რას გულისხმობთ?
_ ამ მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა, ვფიქრობ, სოფლებში იქმნება, სადაც ოჯახის ექიმები უმეტესად არ არიან.
_ სხვათა შორის, ეს შეკითხვა მეც დავსვი, მაგრამ მიმანიშნეს, რეფორმის ანტიპიარს ეწევიო...
_ მედიკამენტებზე შეზღუდვები ევროპაშიც არსებობს, მაგრამ იქ სადაზღვევო სისტემა კარგად მუშაობს, თან წამალი, რომელსაც ოჯახის ექიმი გამოგიწერს, უფასოა, ან ფასდაკლება მოქმედებს, ანუ მოტივაცია გაქვს, რომ ოჯახის ექიმთან აუცილებლად მიხვიდე. ჩვენთან კი, ეს სისტემა არ მუშაობს...
_ არსებობს მოსაზრება, რომ მონოპოლისტურმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ახალ ხელისუფლებაში მფარველები მოძებნეს და რეცეპტის ინსტიტუტით "ჩაწოლილი" საქონლის გასაღებას ცდილობენ. სხვათა შორის, აგვისტოს მეორე ნახევარში, ფარაცევტული კომპანიები მოსახლეობას სარეკლამო "მესიჯებს" უგზავნიდნენ, პირველი სექტემბრიდან მედიკამენტები რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა და მარაგი მანამდე "აიღეთო"...
_ მფარველების თემა გამორიცხულია, თუმცა ვთვლი, რომ ჯანდაცვის სისტემაში რეცეპტები კი არა, მონოპოლიები უფრო პრობლემურია, რაც სისტემურად უნდა მოგვარდეს. აქვე, ხაზს ვუსვამ, რომ რეცეპტურის ინსტიტუტის მომხრე ვარ, მაგრამ მეორე ჯგუფის მედიკამენტების სია გადასახედია. ისე, არაა გამორიცხული, რაღაც პერიოდის შემდეგ, რეცეპტურის ინსტიტუტზე უარი თავად სამინისტრომ თქვას. საერთოდ, როგორც ეკონომისტი, რეგულაციების წინააღმდეგი ვარ.
_ მაინც, რომელი რეგულაციის?
_ მაგალითად, მიწის გაყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციის. ჩვენს ქვეყანას საქმე ასარჩევად არ აქვს, ჩინელი ინვესტორი შემოიყვანოს, ინდუსი თუ არაბი.
_ ესე იგი, ჩინელებს და ინდუსებს ქართული მიწა უნდა მივყიდოთ?
_ ყოველ შემთხვევაში, გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით უნდა გადავცეთ.
ისიც ვერ გავიგე, სიგარეტზე აქციზის ფასის გაზრდა აზრად ვის მოუვიდა.
_ როგორც მახსოვს, აქციზის გაზრდის ინიციატივით ყოფილი პრემიერი იმიტომ გამოვიდა, რომ ამით მწეველების რიცხვი შემცირდებოდა...
_ ეს იდეა ყოფილ პრემიერს ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა, თუმცა მინისტრი არაფერ შუაშია, ზუსტად ვიცი, ეს კანონი როგორც შეიმუშავეს _ ეგონათ, რომ აქციზის გაზრდით ადამიანები მოწევაზე უარს იტყოდნენ, მაგრამ ეს აბსურდია!
მე თუ მკითხავთ, სწორი არც ავტომანქანების ტექდათვალიერების აღდგენაა. კარგია, რომ ევროპას ვედრებით, მაგრამ ევროპას ჯერ საჯარო ფინანსების, მონოპოლიებისა თუ დემოკრატიის კუთხით მივბაძოთ და რეგულაციები შემდეგ ავამუშაოთ! ხელისუფლება, ალბათ, მალე მიხვდება, რომ არასწორი ნაბიჯები ნაჩქარევად გადადგა. ავიღოთ, მაგალითად, ბიზნესის წარმოწყებისთვის 5-5 ათასი ლარის დარიგება. ამას ჯობდა, რეგიონების მიხედვით, გარკვეული დარგების განვითარება დაფინანსებულიყო, თორემ არ მგონია, რომ ადამიანმა 5 ათას ლარად მცირე ბიზნესი დაიწყოს და, მით უმეტეს, განავითაროს. მოკლედ, ამ ინიციატივისგან ხელისუფლება იმას ვერ მიიღებს, რასაც ელოდება!
_ და რას ელოდება?
_ ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას! ასეთი რეორმების გატარებას უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება.
_ ბატონო სოლომონ, რამდენიმე თვის წინ, პრემიერთან ეკონომკური საბჭო შეიქმნა. თუ იცით, ეს უწყება რას საქმიანობს?
_ ვერ გეტყვით... თუ ეს საბჭო ფუნქციონირებს, მაშინ ზემოხსენებული საკითხები უნდა იბლოკებოდეს, რადგან ჯერ ერთი, არ შეიძლება, პრემიერი ყველაფერში ერკვეოდეს და მეორეც, ეს რეფორმები პიარისთვისაც არ გამოდგება. მცირე ბიზნესის განვითარებისთვის 5-5 ათასი ლარის დარიგება ერთჯერადად გასროლილი ფულია და მეტი არაფერი!
_ "ნაციონალებმა" ქვეყნის მართვა, როგორც გვახსოვს, აგრესიული რეფორმებით დაიწყეს...
_ "ოცნება", ერთი შეხედვით, უფრო სინქრონულად მიდის და დინჯ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ყველაფერ ამას ნაკლები შედეგი ექნება. ახლა, ე.წ. მიგრაციის კანონიც უნდა ამოქმედდეს, რომელიც, მესმის, რომ ასოცირების ხელშეკრულების ერთგვარი ვალდებულებაა, მაგრამ ამერიკელებისთვის, რუსებისა თუ ევროპელებისთვის შეზღუდვების დაწესება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან საქართველო განვითარებული ევროპული ქვეყანა არაა და ჩვენთვის ყველა _ არაბული, რუსული თუ ამერიკული ინვესტიცია მისაღები უნდა იყოს!
_ კი ბატონო, მაგრამ მედალს, მოგეხსენებათ, მეორე მხარეც აქვს, ანუ თუკი უცხოური ინვესტიციები, მაგალითად, "კაზანტიპი", როგორც ამბობენ, მეობას გვართმევს და ტრადიციებს გვირყვნის, ასეთი ინვესტიცია რა საჭიროა?
_ "კაზანტიპი", როგორც ეკონომიკური მოვლენა, ცხადია, კარგია, რაც შეეხება ტრადიციების წართმევას, ვისაც უნდა, წავიდეს ამ "კაზანტიპზე" და ვისაც უნდა _ არა. 21-ე საუკუნეა და ინტერნეტის საშუალებით წვდომა ყველას ყველაფერზე აქვს! დღეს მსოფლიოში კარგახსნილობაა და თუ, მაგალითად, "კაზანტიპი" ეკონომიკურ შემოსავალს მოგვიტანს, ამაში საგანგაშო რა არის? სხვათა შორის, "კაზანტიპის" საქართველოში ჩატარება ხაზს იმასაც უსვამს, რომ დაცული ქვეყანა ვართ, თორემ ზღვა ბევრგანაა. იმასაც მივესალმები, რომ ჭადრაკის ოლიმპიადა ბათუმში უნდა ჩატარდეს...
_ ზოგი იმასაც აპროტესტებს, რომ მაგალითად, აჭარაში, სეზონზე, სომხები, აზერბაიჯანელები თუ თურქები რესტორნებს ხსნიან...
_ მთელ მსოფლიოში ე.წ. ჩაინათაუნები არსებობს. გერმანიის ნებისმიერი ქალაქი თურქებითაა სავსე. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავიგოთ, რომ დიდი ევროპული ოჯახის წევრი ვხდებით, მაგრამ ეროვნულობასა და სარწმუნეობაზე უარის თქმას არავინ გვაიძულებს. რატომ გვგონია, რომ კათოლიკებს თავიანთი სარწმუნოება ჩვენზე ნაკლებად უყვართ? 105 დღე ირლანდიაში ვცხოვრობდი და ისეთი წმინდა ოჯახები, როგორიც იქ ვნახე, არსად მინახავს! ამიტომ, ნურავის ჰგონია, რომ გლობალიზაცია გარყვნილებაა. ცხადია, გლობალიზაციას ნეგატიური პროცესები ახლავს, მაგრამ იმას არ უნდა მივეძალოთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. იცით, დუბაიში რა ხდება? _ მოსახლეობის 85 პროცენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩასული. რა არის იმაში ცუდი, რომ ქართველი თუნდაც არაბთან იყოს დასაქმებული? იმას, ცხადია, არაფერი სჯობია, რომ ფერმერი ქართველი იყოს, მაგრამ ქართველი ფერმერი რომ გახდეს, ამაში ხელი ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს, ოღონდ არა _ 5-5 ათასის დარიგებით. პოლიტიკოსების განცხადებები, ჩინელებს საქართველოში რა უნდათ და მიწა არ გავყიდოთო, სადღეგრძელოებს მახსენებს. გაიძახიან, ქართული ბაზარი თურქული პომიდორით გაივსოო, ბატონო, შენ თურქულზე უკეთესი პომიდორი მოიყვანე და გაყიდე, ვინმემ დაგიშალა? სხვათა შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, გარკვეული ზეწოლა განიცადეს და ამას ჩვენც უნდა ველოდოთ. მაგალითად, ევრობანკის რეკომენდაციების გათვალისწინება და ერთიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემოღება მოგვიწევს. ასევე, დემპინგურ ფასებს ვეღარ დავაწესებთ და სოფლის მეურნეობაში ე.წ. პროტექციურ პოლიტიკაზეც უარი უნდა ვთქვათ.
ისე, არც საგადასახადო ამნისტიის მომხრე ვარ, ანუ ამნისტია გადამხდელებს შორის დიფერენციაციას ნიშნავს _ იმ დროს, როცა მე გადავიხადე, შენ არ გადაიხადე და ამას ახლა გპატიობენ, თან ამნისტია იმის მოლოდინსაც აჩენს, რომ გარკვეული შეღავათები რამდენიმე წლის შემდეგაც იქნება და ამიტომ, მეწარმე რომ ვარ, დღეს გადასახადებს არ გადავიხდი. თუ პატიებაზეა ლაპარაკი, მაშინ მეწარმეს მოგებიდან რეინვესტირება მაინც უნდა მოვთხოვოთ. სხვათა შორის, კრიზისის დროს აშშ სწორედ ასე იქცეოდა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სტანდარტების დაცვას მხოლოდ იმპორტზე კი არა, შიდა ბაზარზეც გვავალდებულებს და თუ გვინდა, რომ განვითარების გზით წავიდეთ, ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებული ყველა მოთხოვნის შესრულებაზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა ევროკავშირთან ურთიერთობა იმას არ ნიშნავს, რომ სხვა გაერთიანებებთან, მაგალითად, ე.წ. ბრიკისა და შუა აზიის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირი არ გვქონდეს.
_ ბოლოს, ბატონო სოლომონ, ყბადაღებულ ანაკლიაზე რას იტყვით?
_ ეს პროექტი სააკაშვილმა კი არა, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და ამ პროექტის ავტორები, მგონი, ცოცხლები არიან... ანაკლია ისეთი ადგილია, რომელსაც 150 ათასტონიანი გემების მიღება შეუძლია, რაც მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელი რეგიონის გადარჩენას ნიშნავს! ანაკლიის პორტი რუსეთის ალტერნატივაა და ვშიშობ, მოსკოვმა ხელი არ შეუშალოს, ანუ ანაკლია ჩინეთიდან წამოსული ტვირთების ევროპისკენ რუსეთის გარეშე გავლის საშუალებას იძლევა. ასეთი ალტერნატივები რუსეთს აღიზიანებს. 2008 წლის აგვისტოს ომმა საფრთხის წინაშე სატრანსპორტო დერეფანი დააყენა. საქართველო ყველასთვის მიმზიდველი სწორედ თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოა...
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა საბა მეგრელიშვილი