დღეს, თავდაცვის სამინისტროში 2015-2018 წლების „თავდაცვის ინტეგრირებულ პროგრამაზე" იმსჯელეს. მართვის ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრას, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მიხეილ დარჩიაშვილი და ალექსი ბატიაშვილი ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრას ასევე, დაესწრნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი და სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები.
შეხვედრის ძირითად მიზანს „თავდაცვის ინტეგრირებულ პროგრამაში" განსაზღვრული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროგრამული ელემენტების პრიორიტეტიზაცია, ასევე თავდაცვის სავარაუდო ბიუჯეტის ჩარჩოში მოქცევა წარმოადგენდა.
მიხეილ დარჩიაშვილმა გამჭვირვალობისა და ნატოსთან თავსებადობის უზრუნველყოფის კუთხით, პროგრამული ბიუჯეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესის წარმატებით დასრულება ნატოსთან აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა თავიანთი საკურატორო მიმართულებების მიხედვით, 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის გათვლები, განვითარების გეგმები და პრიორიტეტები წარუდგინეს.
შეხვედრა მინისტრის მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა შეაჯამა. მან რესურსების მართვის სისტემის რეფორმირების მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაფასა და ფინანსური რესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გადანაწილების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
„თავდაცვის ინტეგრირებული პროგრამა" პირველად შემუშავდა. დოკუმენტი 2015 წლისა და შემდგომი წლების თავდაცვის პროგრამების შემუშავებას დაედება საფუძვლად. პროგრამა დასავლური სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად, თავდაცვის რესურსების დაგეგმვის სისტემის განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამული ბიუჯეტი ნატოს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს. „თავდაცვის ინტეგრირებული პროგრამის" შემუშავების პროცესში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს კონსულტაცია ბილ ქრეივენის ხელმძღვანელობით, CUBIC-ის (აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის) წარმომადგენლებ,ა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებმა გაუწიეს.
მასალის გამოყენების პირობები