"სომხეთი პოლიტიკური ზაფხულის საინტერესო დასასრულის მოლოდინშია - 21-22 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო 8-9 სექტემბერს - რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. თვითონ სომხეთის პრემიერი ოვიკ აბრამიანი კი 17-18 სექტემბერს ირანს ეწვევა.
ეს ინფორმაციები საინტერესო კითხვებს იწვევს...", - ნათქვამია სომხურ გამოცემა „ლარაგირში" გამოქვეყნებულ სტატიაში „რისთვის მიდიან საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრები ერევანში?"
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს"
ჯერ ჩამოვა საქართველოს პრემიერი, რომელიც, ალბათ, სომხეთს პირობებს წაუყენებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმება, მეორე - საბაჟო ტარიფების მომატება, მათ შორის გაზზეც და მესამე - სავიზო რეჟიმის შეცვლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ალბათ, იმასაც იტყვის, რომ ჯავახკში სამხედრო ბაზა ბაზა შენდება, რომელსაც, აშკარაა, ერთობლივი ქართულ-ამერიკული დანიშნულება ექნება.
მერე გვეწვევა დიმიტრი მედვედევი, რომელიც შეეცდება სომხეთის დარწმუნებას იმაში, რომ ერევანი აუცილებლად უნდა დათანხმდეს საბაჟო ტარიფების მატებას, თანაც ორმაგს - საქართველოსაგან და საბაჟო კავშირისაგან, დაგვპირდება ცოტა ფულს გასესხებთო - ჭამეთ და თან ატომური სადგური არემონტეთო. მედვედევი იმასაც გვეტყვის, რომ სომხეთს ერთგულად დაიცავს და სხვას ცხვირსაც არ შემოაყოფინებს, გინდაც ის კეთილი სურვილებით მოდიოდეს. რუსი პრემიერი თავის სომეხ კოლეგას ირანის ვიზიტის წინ ვლადიმერ პუტინის მოკითხვასა და „თხოვნას" გადასცემს - შეეშვას ფიქრს ირანული გაზის ევროპაში ტრანზიტთან დაკავშირებით, თორემ რუსული გაზი გაუძვირდება...
აი, ამის შემდეგ კი, თუ ოვიკ აბრამიანს კიდევ ექნება თეირანში ჩასვლის სურვილი, იქაურ პრეზიდენტს ეტყვის, რომ სანამ რუსეთი ძლიერია, „სომხეთი საკუჭნაოში იქნება ჩაკეტილი". საკუჭნაოში ჩაკეტვა კი ვისთვისაა კარგი, ყველამ იცის - [კატებისა და თაგვებისათვის].