ბათუმის პორტში დღეს აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი" შევიდა. გემის ეკიპაჟს პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დახვდნენ. ისინი გემის კაპიტანს რობერტ კატცის და ამერიკის შეიარაღებული ძალების საზღვაო ატაშეს, ვიცე პოლკოვნიკს რიჩარდ ბრეიდის შეხვდნენ. გემის შემოსვლის აღსანიშნავად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორკესტრმა ამერიკისა და საქართველოს ჰიმნები შეასრულა. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა კი ფოლკლორული საცეკვაო ნომრები. საზეიმო დახვედრის ბოლოს ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა სტუმრებსა და მასპინძლებს თიხის ფიალებით ადგილობრივი ღვინო დააგემოვნებინეს.
„ველა გალფი" მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია. მისი ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და საქართველო და პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში.
საქართველოში ყოფნისას, „ველა გალფი" სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს გამართავს, უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, აგრეთვე უმასპინძლებს მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად. „ველა გალფის" ბათუმში სტუმრობა აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემების წინა ვიზიტების გაგრძელებაა. სტუმრობის მიზანია პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის.
შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები პერიოდულად სტუმრობენ შავი ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.
მასალის გამოყენების პირობები