საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ნახიჩევანში ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს გამართავს.
დღეს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდება. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
ხვალ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება. ირაკლი ალასანია, ზაკირ ჰასანოვი და ისმეთ ილმაზი თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს დაეთმობა.
"სამმხრივ შეხვედრას უკვე დიდი ხანია ვამზადებთ. შარშანაც ამ ინიციატივით ქართული მხარე გამოვიდა. ეს იქნება აზერბაიჯანში სამი მინისტრის პირველი ფორმალური შეხვედრა. მთლიანად ეს შეხვედრები და შემდეგ უკვე შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება მიეძღვნება იმ დაგეგმარებას, რომელსაც სამი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები შეუდგება, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიტიკულ ვითარებებში ჩვენი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა, ჩვენი ნავთობსადენების, გაზსადენების, რკინიგზის კომუნიკაციების დაცვა იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება სამხედრო ესკალაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხის დარეგულირებაზე. არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი ეს არ არის. პირიქით, ამგვარი შეთანხმებები კიდევ დამატებით საფუძველს და საყრდენს ქმნის რეგიონალური სტაბილურობის," განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანში გამგზავრების წინ.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრები ასევე შეხვედრას გამართავენ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან.
მასალის გამოყენების პირობები