დღეს, ლისის ტბის ტერიტორიაზე დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდასაჭერად მარათონი გაიმართა. სპორტული შეჯიბრი „ძლიერთა თამაშების" (Invictus Games) პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. გარბენში პროექტში მონაწილე სამხედროებთან ერთად, ის ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთვნენ, რომლებსაც უახლესი ტექნოლოგიების პროთეზები დაუმზადდათ. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად 1100 მეტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც გაირბინეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯონ გედისი და თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, ასევე, პარაოლიმპიური მოძრაობის მძლეოსნები, ჯარის მეგობართა საზოგადოების წარმომადგენლები და პროექტის მხარდამჭერები.
"ძლიერთა თამაშები" INVICTUS GAMES პრინცი ჰარის, ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ქ. ლონდონში 10-14 სექტემბერს გაიმართება. თამაშები მიზნად ისახავს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებასა და მოტივაციის გაზრდას, ასევე, მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებას.
14 ქვეყნის 400-მდე დაჭრილ სამხედროსთან ერთად „ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავებული 6 ჯარისკაცი მიიღებს. დაჭრილი ქართველი სამხედროები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოველდღიურ მომზადებას უკვე გადიან.
„ძლიერთა თამაშები" შესაძლებლობას იძლევა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავდნენ.
„ძლიერთა თამაშებში" ქართველ სამხედროებს პარტნიორობას კომპანია „GT Motors"-ი უწევს.
მასალის გამოყენების პირობები