საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალციხეში, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ეწვია. ტანკისტის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს თავდაცვის მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, სარდალობების ხელმძღვანელები და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფების მეთაურები დაესწრნენ.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა. მოწვეულმა სტუმრებმა და ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ქართველ ტანკისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა პროფესიული დღე მიულოცა.
ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელი ეწოდა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მისი მემორიალური დაფა გახსნა. ცერემონიალს შოთა ხურციძის ოჯახოს წევრებიც დაეწრნენ. ლეიტენანტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.
საზეიმო ღონისძიება წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედროები სამსახურეობრივი მოვალეობის შერსულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის დაჯილდოვდნენ. სიგელები გადაეცათ ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლება ,,ვაზიანი -2014" - ში მონაწილეებს.
თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსთან ერთად ცენტრის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ღია კარის დღე მოეწყო. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.