ავღანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ყანდაღარში საჰაერო ბაზაზე დისლოცირებულ სამთო სადაზვერვო ბატალიონს ესტუმრა. თავდაცვის მინისრტს სამხედრო აეროპორტში სამთო სადაზვერვო ბატალიონის ხელმძღვანელობა დახვდა. თავდაცვის მინისტრი დეტალურად გაეცნო ბატალიონის მისიის ამოცანას და ქართველი სამხედროების სამუშაო პირობებს. თავდაცვის მინისტრმა ბატალიონის დისლოცირების ადგილზე არსებული სამლოცველო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი მოინახულა. დღესვე, ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა სამთო სადაზვერვო ბატალიონის 5 სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. ყანდაღარში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთის სამხრეთის რეგიონალური სარდლობის სარდალს გენერალ-მაიორ მაიკლ ბილსსაც შეხვდა და ISAF-ის ოპერაციის შესახებ ესაუბრა."ყანდაღარში ჩვენი სამთო ბატალიონი ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას ასრულებს. მათ მთელს ბაზაზე გარე უსაფრთხოების დაცვა ეკისრებათ. რაც მთავარია, ასევე, ხშირად ისინი ჩართულნი არიან სხვადასხვა თავდასხმის პრევენციაში. ამ რამდენიმე კვირის წინაც ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა მათი მხრიდან იქნა მოგერიებული. მე ასევე მქონდა სარდალთან, ამ ბაზის მეთაურთან გენერალ ბილსთან შეხევდრა, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი სამხედროები განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. მეთაურმა ამიხსნა ძალიან კარგად, თუ როგორი ამოცანების შესრულება უწევთ და მოუწევთ საქართველოში დაბრუნებამდე, სექტემბრის ბოლომდე. მინდა თავისუფლად შევაფასო, რომ მათი საბრძოლო მზადყოფნა არის უმაღლესი. ამოცანებს ასრულებენ თავიდან ბოლომდე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენი საბრძოლო ქვედანაყოფი არის ყველაზე უფრო გამორჩეული ნატოს სხვა ქვედანაყოფებისგან თავისი გამბედაობით, თავდაჯერებულობით და პროფესიონალიზმით. დღეს გვქონდა ასევე შხვედრა პირად შემადგენლობასთან და ძალიან გულახდილი აზრთა გაცვლა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ამ გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენი შეიარაღბული ძალები მომავალში. ასევე, მქონდა ბედნიერება დამეჯილდოებინა გამორჩეული სამხედროები."- განაცხდა ირაკლი ალასანიამ. ყანდაღარში საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ სამთო-სადაზვერვო ბატალიონს დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძეც სტუმრობდა.
მასალის გამოყენების პირობები