თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ISAF-ის გაერთიანებული სარდლობების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონს შეხვდა. დახურულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძეც დაესწრნენ. ავღანეთში მყოფი ქართული ქვედანაყოფები უშუალოდ ექვემდებარებიან ISAF-ის გაერთიანებული სარდლობების ხელმძღვანელს.
გენერალ-ლეიტენანტმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრისას ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს როლზე და ქართველი სამხედროების მომზადების შესახებ ისაუბრა. „საქართველოს წვლილი ISAF-ის ოპერაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველები შესანიშნავი პარტნიორები არიან ყველგან, სადაც კი მსახურობენ - იქნება ეს რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთი ჰელმანდში, რეგიონალური სარდლობა სამხრეთ ყანდაღარში თუ აქ, ქაბულში. მალე ისინი მისიას ბაღრამში შეასრულებენ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის კონტრიბუციას. ქართველები არიან ძალიან კარგი პარტნიორები, კარგი სამხედროები და ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი". - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ანდერსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.