საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში ამერიკულ ბაზა "ფენიქსზე" აშშ-ის პოლკოვნიკ რენდალ სიმონსს შეხვდა. პოლკოვნიკი სიმონსი ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 48-ე ქვეითი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მეთაურია და სწორედ ის ხელმძღვანელობს ბაზა ფენიქსზე დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფს. შეხვედრისას ამერიკელმა პოლკოვნიკმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა ISAF-ის მისიაში საქართველოს მხრიდან შეტანილი წვლილის გამო და ქართველი სამხედროების მომზადების დონეს გაუსვა ხაზი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ოცეული ამერიკული ბაზის დაცვის ამოცანებს ასრულებს. სამხედრო ბაზა "ფენიქსი" რამდენიმე კვირაში დაიხურება და პირველი ქვეითი ბრიგადის ოცეულიც დაასრულებს მისიას.
მასალის გამოყენების პირობები