დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიალი ქუთაისში, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებაზე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების უფროსი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი იმყოფებოდნენ.
გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებს სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. დღესვე, გენერალური შტაბის ხელმძღვანელობამ სამხედრო მოსამსახურეები საპატიო სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.
საზეიმო ცერემონიალზე დასასწრებად ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონების გუბერნატორები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
ცერემონიის ოფიციალური ნაწილი დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა ბრიგადის შეიარაღება და ტექნიკა დაათვალიერეს.
ბრიგადის იუბილე კონცერტით დასრულდა.