ENG / RUS       12+

საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ!

აღიძვრება თუ არა საქმე საქართველოს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ, უკვე აღარც არის საკითხავი. ეს გადაწყვეტილია! ამაზე უამრავი სიმპტომი მეტყველებდა, ხოლო ყველაზე სკანდალური ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პროკურორების მოწვევა (ვისაც ყოფილი მაღალჩინოსნების დადანაშაულება-გასამართლების გამოცდილება აქვთ) მხოლოდ ერთი მათგანი იყო.
თანაც პრემიერმა ღარიბაშვილმა, თეა სიჭინავას გადაცემაში, აღარც დამალა, რომ, არათუ "საქმის ყურშია", არამედ თავად არჩევდა ამ პროკურორებს. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლების სტრატეგიაა, რაკი კარგად იციან, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ოფიციალური ბრალდება აუცილებლად გამოიწვევს რეაქციას დასავლეთში. არც იმდენს და არც ისეთს, როგორიც "ნაციონალებს" ეგონათ ან სურთ, მაგრამ მაინც.
გარდა ამისა, უცხოელი პროკურორები ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას საქმეებსაც გაეცნობიან. აქ ხელისუფლების ეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ, როცა პროკურორი (ნებისმიერი პროკურორი) ამ საქმეებს გაეცნობა, სწორედ "პროკურორული თვალსაწიერიდან", აუცილებლად იტყვის: ყველაფერი რიგზეაო. ასეთივე ცნობილი ადვოკატები რომ მოეწვიათ, ისინი ("ადვოკატური თვალსაწიერიდან"), პირიქით, დაბეჯითებით იტყოდნენ: "რა სისულელეა, ამისთვის ადამიანის დაჭერა როგორ შეიძლებაო". და არც ერთი მათგანი არ (ვერ) შეხედავს საქმეს იმ კუთხით, როგორითაც მას დასავლელი პოლიტიკოსები განიხილავენ: სინამდვილეში, მათ არ აინტერესებთ, ფორმალურად დასაბუთებულია თუ არა ბრალდებები, ან იქნება თუ არა დასაბუთებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ; ისინი ხედავენ, ამჩნევენ, აღიარებენ და აპროტესტებენ იმას, რომ ფორმალურ მხარეს ქვეყნის ხელისუფლება იყენებს რეალური პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მოსაშორებლად და გასანადგურებლად.
თანაც "შერჩევითი სამართლის" მეთოდით: არ შეიძლება გაასამართლო შინაგან საქმეთა მინისტრი მიტინგის დარბევისას ადამიანთა ცემა-წამებისთვის და არც კი აღძრა საქმე იმ ასეულობით სადისტი "სპეცნაზელის" წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ სცემდნენ და უშუალოდ აწამებდნენ.
დასავლური თვალთახედვით, ეს აბსურდი და "პოლიტიკურად ნაკერია", მაგრამ ღარიბაშვილის მთავრობაც პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე მოქმედებს, ანუ უკან ვეღარ დაიხევს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქვე უნდა ითქვას, რომ პროცესი მართლა დააჩქარა ოპოზიციის მცდელობამ, დაესუსტებინათ ხელისუფლება პირადად პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის "დაჩმორებით". ძალიან ცდებიან "ნაციონალები", თუ ჰგონიათ, არავითარი კავშირი არ არსებობს "ჰაკიმ ფაშა", "ჰაკიმ ფაშა"-ს ძახილსა და გიგი უგულავას უმოწყალოდ დაპატიმრებას ან სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრას შორის: ხელისუფლების "დაჩმორების" მცდელობა, როდესაც ამ ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს საშუალება, თავი ამ გზით დაიცვას, აუცილებლად გამოიწვევდა ისეთ რეაქციას, როგორიც გამოიწვია, თორემ ედუარდ შევარდნაძეზე რომ "დარდუბალას" აკეთებდნენ, ხელისუფლებას უკვე აღარაფერი შეეძლო.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ხელისუფლების რეაქციას შედეგიც მოჰყვა. დააკვირდით: უგულავას დაჭერის შემდეგ, მისი თანაგუნდელები მკაცრად კი აკრიტიკებდნენ ღარიბაშვილს ფრაქციასთან შეხვედრისას, მაგრამ "ჰაკიმ ფაშას" აღარ უწოდებენ არც პირში და აღარც ინტერვიუებში, ხოლო გოგა ხაჩიძემ (ჰოი, საოცრებავ) კახი კალაძესთან "სელფიც" კი გადაიღო!
რაკი მეთოდმა გაჭრა, ხელისუფლება მას კვლავაც გამოიყენებს და მთავარი ეჭვმიტანილის წინააღმდეგ აუცილებლად აღძრავს საქმეს იმ პირობებშიც კი, როცა ამერიკიდან ექსპრეზიდენტის ექსტრადიციის შანსი, რა თქმა უნდა, ნულის ტოლია. თუმცა თვით ამ საქმეებზე მყარი მტკიცებულებების მოპოვებაც არც ისე იოლი იქნება.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება ერთ ან რამდენიმე ეპიზოდზე. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პირველად რა საქმეზე მისცემენ მას პასუხისგებაში. საქმეების რაოდენობა გაიზრდება. ამჟამად კი, განიხილება შემდეგი ქეისები:
1) გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულთა შეწყალება, ან მათთვის ციხეზე პრივილეგირებული პირობების შექმნა. ძალიან ძნელად დასამტკიცებელია, რომ აქ სააკაშვილს პირადი მოტივები ჰქონდა, რაც მის საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სცილდება და შეიძლება იყოს კვალიფიცირებული, როგორც "სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება", ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მით უმეტეს, როცა შეწყალება არა მხოლოდ კონკრეტულ ბრალდებულებს, არამედ, ფორმალურად, მთელ კატეგორიას (ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს) შეეხოთ. ერთადერთი შანსია, თუ ბაჩო ახალაია ალაპარაკდება და "გამოძიებასთან ითანამშრომლებს";
2) "იმედის" დარბევა 2007 წელს. დასავლური თვალთახედვით ყველაზე მომგებიანი ბრალდებაა რაკი ტელევიზიის დარბევა აბსოლუტურად მიუღებელია. მაგრამ აქ უკვე ვანო მერაბიშვილის "ალაპარაკებაა" საჭირო, რათა მან პრეზიდენტს დადოს ხელი. თუმცა, რომც "დაადოს", არა მგონია, ვანომ "სიცრუის დეტექტორი" გაქაჩოს, რადგან მიშა ის ჩიტი არ იყო, ასეთი ბრძანება არათუ წერილობით, არამედ სიტყვიერად გაეცა: ბრძანება უეჭველად ზოგადი იქნებოდა: ქვეყანაში ვითარების სტაბილიზების თაობაზე. კონკრეტულად რა იყო ამ ბრძანების შესასრულებლად აუცილებელი _ მინისტრი წყვეტდა;
3) "იმედის", "მზისა" და "რუსთავი 2"-ის რეიდერული წაგლეჯა მათი მფლობელებისთვის. იმდენად რთული და ჩახლართული საქმეებია, თავისა და ბოლოს "შეკერვა" არც ისე იოლი იქნება, როგორც ზოგიერთს ჰგონია. უამრავი საწინააღმდეგო ინტერესი, უამრავი ფორმალურად ზუსტად და სწორად შედგენილი დოკუმენტი ამოტივტივდება. გარდა ამისა, ამ საქმეებში ცენტრალური ფიგურა აშკარად კეზერაშვილი იყო, ის კი საფრანგეთში იმყოფება და ქართული მართლმსაჯულებისთვის "სათანამშრომლოდ" მიუწვდომელია;
4) 4,5 მილიონი ევროს დახარჯვა ბოტოქსზე, იტალიაში დასვენებასა და დეპუტატებისთვის გადაცემულ საჩუქრებზე. აქ პროკურატურას ხელჩასაჭიდი ისა აქვს, რომ ხარჯები გადიოდა "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის" საიდუმლო ფონდიდან. თუმცა, ადვოკატები იტყვიან, რომ ეს სახელმწიფოს მეთაურის პირადი ცხოვრების საიდუმლოებით (მასაც კანონი იცავს) იყო გამოწვეული. მაგრამ მთლიანობაში, "საჩუქრების საქმე" შედარებით პერსპექტიულია, რაკი დასავლეთისთვისაც გასაგები იქნება: არა მხოლოდ ნიკოლა სარკოზი, არამედ ჟაკ შირაკიც დაახლოებით ასეთ ბრალდებებს გადაჰყვა;
5) ზურაბ ჟვანიას საქმეში მტკიცებულებათა გაყალბება. ესეც, ერთი შეხედვით, პერსპექტიული საქმე ჩანს, რადგან აბსოლუტურად უეჭველია, რომ სწორედ სააკაშვილის დავალებით დაიდგა კონსპირაციულ ბინაზე სცენა, თითქოს ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი იქ ნარდის სათამაშოდ შეხვდნენ ერთმანეთს. უსუპოვის გვამი დროებით გაიტანეს კიდეც, თუმცა შემდეგ დააბრუნეს. მაგრამ, თუ პროკურატურა ამ საქმეს "მიაწვება", აუცილებლად დაისმება კითხვა: რა მიზნით აკეთებდნენ ამას სააკაშვილი და მისი უშუალო გარემოცვა? ისინიც აღარ გაჩუმდებიან და იტყვიან იმას, რაც ყველამ იცის, თუმცა ხმამაღლა არ ლაპარაკობს. აწყობს კი ეს ხელისუფლებას? მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც "ხალხი" მისგან არა რაღაც გაუგებარ "მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას", არამედ ჟვანიას მკვლელების დასჯას ითხოვს? საეჭვოა აწყობდეს;
6) მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორთა სასიკვდილოდ გაწირვა. აქაც ვანო მერაბიშვილმა უნდა თქვას, რომ ის ფრაზა ("ორი გვამი მომიტანეთო"), რაც შიშით წამოსცდა შსს-ს ტელეკამერის წინ, სწორედ სააკაშვილისგან მოდიოდა. სხვაგვარად, პრეზიდენტი რაში უნდა დაადანაშაულონ, რომ ამბოხი ჩაახშო?
7) კახა ბენდუქიძისთვის სიმბოლურ ფასად სახელმწიფო ქონების გადაცემა. აქ პირადი ანგარების დამტკიცება ძნელია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ინტერპრეტაცია, რაც "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას" ან "უფლებამოსილების გადაჭარბებას" გულისხმობს. ზოგადად, ამ მახინჯი მუხლებით (არ აგერიოთ იმაში, რასაც დასავლურ კოდექსებში "ძალაუფლებით ვაჭრობა" ჰქვია და ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, მხოლოდ ქრთამს უკავშირდება ამა თუ იმ ფორმით) ნებისმიერი თანამდებობის პირის დაპატიმრება და გასამართლება შეიძლება, თუ რომელიღაც პროკურორი ჩათვლის, რომ ჩინოსნის (თუნდაც პრეზიდენტის) გადაწყვეტილება არასწორი იყო;
8) ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკ Cartu-ს გაკოტრების მცდელობა. ამ საქმეზე, მაშინ, ყოფილი პარლამენტის თითქმის მთელი უმრავლესობა უნდა დაAპატიმრონ და მთელი ყოფილი ეკონომიკური გუნდი. სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა, რაკი ძალიან მასშტაბური ოპერაცია იყო და პარლამენტის მიერ სპეციალურად მიღებული (და როცა აღარ დასჭირდათ, გაუქმებული) კანონის გამოყენებით განხორციელდა;
9) ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემა სპეცდანის მიერ _ ინტერვიუში სანდრა რულოვსის შეურაცხყოფის გამო. აქ ერეკლე კოდუას ჩვენების გარეშე არაფერი გამოვა. კოდუა კი ევროპას აფარებს თავს და მისი ექსტრადირების პერსპექტივაც არ ჩანს;
10) 26 მაისის დარბევა. მაგრამ ვანო ჯერჯერობით დუმს;
11) მმართველი პარტიის აქტივისტთა დასაქმება სახელმწიფო სტრუქტურებში. ოღონდ გიგიც დუმს ჯერჯერობით.

ასეა თუ ისე, ჩამოთვლილი "ქეისებიდან" ზოგიერთი ნამდვილად საკმარისი იყო სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად თუნდაც სასამართლო პერსპექტივის გარეშე. ოღონდ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: სააკაშვილი საკმარისად ჭკვიანია, რათა ეს პროცესიც თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დაუსწრებლად გასამართლება მოითხოვოს. თანაც ღია სასამართლო სხდომაზე და მის მიერ გამოგზავნილი საუკეთესო ადვოკატების მონაწილეობთ, რომელთაც ხელფასს თუნდაც იგივე "ევროპის სახალხო პარტია" გადაუხდის, თვითონ კი ნიუ-იორკიდან SKYPE-ით ჩაერთვება.
მისთვის ეს წაუგებელი თამაში იქნება: თუ გაამტყუნებენ, იტყვის, რომ მოსამართლემ "რუსი ოლიგარქის ზეწოლას ვერ გაუძლო და პუტინის დავალება შეასრულა". თუ გაამართლებენ და _ "ოცნების" კრახი ამით დაიწყება.
საერთოდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ერთი რამ უნდა გაიგოს: სააკაშვილი შეიძლება მართლა გიჟია, მაგრამ ჭკვიანი გიჟია! არის ასეთი კატეგორია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში: "ჭკვიანი გიჟები". მიშას შეიძლება (ისიც "შეიძლება") მოუგო ტაქტიკურად, მოუგო კონკრეტული "კლინჩის" დროს, აქ შესაძლოა, სერიოზული შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ სტრატეგიაში ის ძალიან ძლიერია და მისი სტრატეგიულად დამარცხება ხელისუფლებას აშკარად გაუჭირდება.

"ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე

 

 

ავტორი: . .