აჭარის ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა თურქეთის „ბაჰჩეშეჰირის" უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრაზე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ნუგზარ სურმანიძესა და გიორგი თავამაიშვილს ბათუმში, „BAU"-ს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის გახსნის შესახებ ისაუბრეს.
თურქული მხარის ინფორმაციით „ბაჰჩეშეჰირის" უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ბათუმში, სტუდენტებს 2015 წლის სასწავლო წლისათვის მიიღებს. სტუდენტები ერთიანი ერევნული გამოცდების მეშვეობით ჩაირიცხებიან და სწავლა ინგლისურ ენაზე წარიმართება.
საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად განთავსდება. მრავალფუნქციური საავადმყოფო 100 საწოლზეა გათვლილი. კლინიკა 2015 წლის იანვარში გაიხსნება, აქ პაციენტებს კარდიოქირურგიულ მომსახურებასთან ერთად თითქმის ყველა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ. ორივე ობიექტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
„BAU"-ს უნივერსიტეტი ქ. სტამბოლში მდებარეობს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა 9 ფაკულტეტზე მიმდინარეობს, ხორციელდება 2 სადოქტორო პროგრამა. უნივერსიტეტში განათლებას 17 ათასი სტუდენტი ღებულობს.