საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნები სამხრეთ კორეაში გაერთიანებული შტაბების დირექტორატის ხელმძღვანელის, ადმირალ ჩოი იონ ჰის მიწვევით გაემგზავრნენ.
საქართველოს გენერალური შტაბის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი სამხრეთ კორეის გენერალური შტაბების დირექტორატში გაიმართა. მასპინძელი მხარის სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და სამხრეთ კორეის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. სამხრეთ კორეის არმიის სახმელეთო, საზღვაო და საჰარეო ძალების მოწყობილ კოლოფებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმა.
საქართველოსა და სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება. კორეულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს განვითარებაში გაუწიოს დახმარება. ადმირალ ჩოი იონ ჰის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში საქართველოში სამხრეთ კორეის თავდაცვის ატაშე დაინიშნება. შეხვედრაზე ქართული მხარე სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შექმნის ისტორიას, სტრუქტურულ შენაერთებსა და სამომავლო განვითარების გეგმას გაეცნო.
გაერთიანებული შტაბის დირექტორატში შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და კორეელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური შტაბის წარმომადგენლები სამხრეთ კორეის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებულ ჰოლდინგებსაც ესტუმრნენ. თავდაცვის სამრეწველო ასოციაციის (DAPA) ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს სამხედრო მრეწველობის ხედვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ქართველმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა „liGNext Co. LTD", KIA", "DOOSAN" და "Hynday Rotem"-ის ქარხნები მოინახულეს და სამხედრო წარმოებას ადგილზე გაეცნენ.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად, სამხრეთ კორეის სამხედრო ბაზები დაათვალიერა და ტაქტიკურ სწავლებასაც დაესწრო.
სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა სამხრეთ კორეის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
მასალის გამოყენების პირობები