23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდა. 23-ე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე" ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდა ISAF-ის მისიას.
23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა. ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი და მეორე მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე ალექსეებკას სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცეს და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.
23-ე ბატალიონი ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით აპრილში გაემგზავრნენ. მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ავღანეთში საბრძოლო ამოცანას მეორედ ასრულებდნენ და ორივეჯერ უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. თვის ბოლოსთვის ქვედანაყოფის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.
მასალის გამოყენების პირობები