სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და "რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამია გაამართლა. როგორც გვარამიამ პროცესის შემდეგ განაცხადა სააპელაციო სასამართლომ სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
,,ნამდვილად გამბედავი გადაწყვეტილებაა, სწორი, სამართლიანი და კანონიერი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 14 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკის, კახაბერ დამენიას, იზაბელა გუტიძის, გიორგი ნემსიწვერიძის და ძებნაში მყოფ აშოტ მანუკიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. მათ ბრალად ედებოდათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სამოხელეო, სამეწარმეო, ეკონომიკური დანაშაული, ასევე დანაშაულის ჩადენა მმართველობის წესის წინააღმდეგ და ფულად საკრედიტო სისტემაში. სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია მათ მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში. აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 26 სასამართლო სხდომა, მოწმის სახით დაიკითხა ბრალდების 44 მოწმე და 6 ბრალდებული.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ.