სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში არსებული ვითარების თაობაზე მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს უზრუნველყოს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მოსახლეობისათვის ადეკვატური დახმარების გაწევა. ,,ჯი-ეიჩ-ენი" სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,2014 წლის 15 ივლისს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის ონარიის თემის დასახლებაში, სადაც ადგილზე მოხდა თემში არსებული პრობლემების გაცნობა.
ონარიის დასახლება მდებარეობს ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში. იგი დაარსდა საბჭოთა პერიოდში და წარმოადგენდა აქ არსებული ჩაის ფაბრიკისა და სხვა რამდენიმე საწარმოს მუშათა ერთგვარ კომპაქტურ დასახლებას, გააჩნდა საკუთარი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებდა - საბავშვო ბაღი, საექიმო ამბულატორია, საშუალო სკოლა, მოწყობილი იყო კანალიზაცია, ასევე აქ იქნა აშენებული ინფექციური საავადმყოფო და პოლიციის შენობა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოში განვითარებული მოვლენების შედეგად საწარმოებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება, მცხოვრებთა დიდი ნაწილი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, დაცარიელებული კორპუსები (ონარიაში სულ 31 საცხოვრებელი კორპუსია) თვითნებურად დაიკავეს დევნილებმა აფხაზეთიდან და უსახლკარო ოჯახებმა. მოყოლებული ამ პერიოდიდან ონარია ჩამოყალიბდა - ადგილობრივთა, დევნილთა და ცალკეულ უსახლკარო ოჯახთა ინტეგრირებულ კომპაქტურ ცენტრად.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, საქმესთან დაკავშირებით მოძიებული დოკუმენტაციით ასევე დადგენილია, რომ ონარიის დასახლებაში დაახლოებით 350 ადამიანი ცხოვრობს. დღეის მდგომარეობით, ონარიაში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლი ამორტიზირებულია (სულ 31) ამათგან 29 ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 1 ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა, 1 ყოფილი საერთო აბანოს შენობა. დაზიანებულია მზიდი კედლები, აბსოლუტურად ყველა სახლს აწვიმს. ონარიაში არსებული საცხოვრებელი სახლების საძირკველი მორყეულია, მათი უმრავლესობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. დაზიანებულ სახურავებში წყალი ადვილად ჟონავს, შესაბამისად, განსაკუთრებით მეორე სართულზე მცხოვრებნი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან უამინდობის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის, ონარიის თემში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და მატერიალური პრობლემები და უზრუნველყოს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მოსახლეობისათვის ადეკვატური დახმარების გაწევა", _ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები