მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 150 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გეგეჭკორი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, შესაქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. აეროდრომზე ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.
მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე" მსახურობდა. ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა საბრძოლო დავალებებს. რამდენიმე დღის წინ 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ISAF-ის მისიის დასრულება ბაზა „ლეზერნეკზე" საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში არსებული ბაზა ფუნქციონირებას წყვეტს.
ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. რამდენიმე კვირაში 23-ე ბატალიონის სრული პირადი შემადგენლობა სამშობლოში იქნება.