დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში „CMEP"-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
ტრენინგის ხელმძღვანელებმა სწავლების პროცესი შეაფასეს, შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო რეკომენდაციები შეიმუშავეს. მათ კრიზისის დროს, უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობასა და სამხედრო და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი.
ღონისძიების დასასრულს, სწავლების მონაწილეებს შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და აშშ-ის სამხედრო პროგრამების დირექტორატის საერთაშორისო პროგრამების მენეჯერმა დაიან აკურიომ სერთიფიკატები გადასცეს.
სწავლება „სამოქალაქო სამხედრო საგანგებო სიტუაციების დაგეგმარება" საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელობით, 14-17 ივლისს ჩატარდა. ტრენინგში ყველა სამინისტრომ, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. სწავლების უშუალო მხარდაჭერას აშშ-ის ეროვნული გვარდია უზრუნველყოფდა.
„CMEP" კრიზისის დროს სამხედრო და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავდა მიზნად.
სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სტიქიური უბედურების დროს ერთიანი რეაგირების მექანიზმები და კრიზისული სიტუაციის ლიკვიდირების ერთიანი გეგმა შეიმუშავეს. ასევე, სწავლების შედეგად გაუმჯობესდა უწყებათაშორისი რეაგირების მექანიზმები.
სწავლების ძირითადი ფაზა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში გახსნილი ოპერატიული დონის შტაბსა და თბილისის ზღვაზე საველე ოპერაციების ცენტრში მიმდინარეობდა. ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა. სტიქიური უბედურების ადგილად ქალაქ რუსთავის მიმდებარე ტერიტორია იყო გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად, შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები დაზიანდა. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმოკლეს დროში განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები