საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ყანდაღარში საჰაერო ძალების ბაზაზე დისლოცირებული სამთო-სადაზვერვო ბატალიონი მოინახულა.
ქართული ქვედანაყოფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ილია ტიკურიშვილმა პოლკოვნიკს ადგილზე არსებული სიტუაცია გააცნო და ბატალიონის პასუხისმგებლობის რაიონში უშუალო მოქმედებებზე ისაუბრა. პოლკოვნიკმა ბაზაზე ქართველების მიერ კონტროლირებადი საკონტროლო გამშვები პუნქტებიც მოინახულა და პირად შემადგენლობას შეხვდა.
ყანდაღარის პროვინციაში სამთო-სადაზვერვო ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის ფარგლებში, ყანდაღარის პროვინციაში, „საჰაერო ძალების" ბაზაზე ასრულებს მისიას. ბატალიონი ავღანეთში თითქმის ოთხი თვეა იმყოფება. მათი მთავარი ამოცანა კოალიციურ ძალებთან ერთად ბაზის უსაფრთხოება, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარებაა.