საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელაგაციის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ვიზიტის მეორე დღე კულტურულ ღონისძიებებს დაეთმო.
დავით უსუფაშვილმა და დელეგაციის წევრებმა ბაქოს ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვეს. ძველი ქალაქისა და მეიდნის კოშკის მონახულების შემდეგ ქართული დელეგაცია ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაემგზავრა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის დატოვებამდე, დავით უსუფაშვილმა ვიზიტი შეაფასა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტი პროდუქტიული იყო.
„ვიზიტმა ჩაიარა ძალიან პროდუქტიულად, ჩვენ შევთანხმდით ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ვინაიდან, ეს შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. აზერბაიჯანს თავისი გზა აქვს, თავისი ხედვა აქვს, ის არ ერთიანდება არცერთ მსგავს კავშირში, მაგრამ აქვს სურვილი, საქართველოსთან ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს",- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში უკვე დაბრუნდა.