რესპოდენტის შესახებ
ბატონო ნიკა, დედაქალაქის ექსმერი გიგი უგულავა დაკავებულია. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, ხელისუფლება კანონის უზენაესობაზე, კანონის წინაშე თანასწორობაზე საუბრობს და ამავდროულად, გაიჟღერა ფრაზამ, რომ უგულავამ "თავი დააჭერინა", თქვენ როგორ შეაფასებდით დედაქალაქის ყოფილი მერის დაკავებას?
-ბუნებრივია, პოლიტიკური ფიგურების დაკავება ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე, მით უფრო თუ ამას წინასწარი დაკავების სახე აქვს, როგორც ამ შემთხვევაში; ანუ, დაკავება ხდება ბრალდების დამტკიცების გარეშე. ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, რომ პირველად ისტორიაში ძალაუფლების არჩევნების გზით მშვიდობიანი გადაბარების შემდგომ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება ძალიან ცუდია ამ პრეცედენტის სიცოცხლისუნარიანობსთვის, რადგან ყველა ხელისუფალს ეცოდინება რომ ძალაუფლების გადაბარება უდრის ციხეს. ეს ძალიან ცუდია ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის.
-როგორ ფიქრობთ არაფერი ხელმოსაჭიდი რომ არ ქონდეს გამოძიებას, ხელისუფლება გარისკავდა ასეთი ნაბიჯის გადადგმას?
-საერთოდ ე.წ. წინასწარი დაკავება არაკონსტიტუციურ პრაქტიკად მიმაჩნია და სასამართლოს განაჩენის გარეშე და ბრალის უეჭველი დამტკიცების გარეშე ადამიანის დაპატიმრებას ყველა შემთხვევაში პოლიტიკური ელფერი აქვს. ამას არანაირი "პოლიტიზირება" არ სჭირდება, რადგან ეს ისედაც ასეთი მოვლენაა.
-"ასოცირების" ხელშეკრილება ხელმოწერილია და სავარაუდოდ, ხელისუფლება არ ელოდება მნიშვნელოვან საყვედურებსა და ზემოქმედებას გარედან. რეალურად აქვს კი საერთაშორო თანამეგობრობას ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტები, იმ შემთხვევაში თუ უგულავას დაკავება შეფასდება როგორც პოლიტიკური დევნა?
-საერთაშორისო თანამეგობრობას, ანუ თავისუფალ სამყაროს რა თქმა უნდა გააჩნია ზემოქმედების ბერკეტები ყველა არადემოკრატიულ ხელისუფლებაზე - ამის მაგალითია პუტინის უკანდახევა უკრაინაში, რაც სწორედ ამგვარი სანქციების რეზულტატია თავისუფალი სამყაროს მხრიდან.
-ნაციოანლური მოძრაობის დედაქალაქის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაკავებულია. როგორ გავლენას მოახდენს ეს ფაქტი არჩევნების შედეგებზე?
-რაც შეეხება გიგი უგულავას დაპატიმრებას, ეს ბუნებრივია ხელისუფებას და არჩევნების ლეგიტიმურობას ჩრდილს აყენებს, მაგრამ შესაძლოა ნიკა მელიას მეტი საპროტესტო ხმები შემატოს. ამიტომ ამ მიზეზითაც არ იყო ეს გადაწყვეტილება ბრძნული ხელისუფლების მხრიდან.
"ჯი-ეიჩ-ენი", გეგა სილაგავა