დღეს, გამთენიისას ორი ქართველი პროთეზისტ-ორთოპედი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აშშ-ში გაემგზავრა. პროთეზისტ-ორთოპედები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა პაატა პატიაშვილმა გააცილა.
კახაბერ ქათამაძე და ზურაბ აფციაური კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოს კორპორაცია პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში „ოტო ბოკის" თანამედროვე ტექნოლოგიებს ერთი თვის განმავლობაში შეისწავლიან. ისინი გერმანული ფირმის მიერ წარმოებული, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის პროთეზების გამოყენებას დაეუფლებიან და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უახლესი ტექნოლოგიის მიოელექტრო და ბიონიკური პროთეზების მორგებაში გაუწევენ დახმარებას. სპეციალური კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ და სპეციალური კოდი მიენიჭებათ.
აშშ-ში მიღებული ცოდნით პროთეზისტ-ორთოპედები იმ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დაეხმარებიან, რომლებიც ამჟამად კორპორაცია პიტერ ჰარშის კლინიკაში თანამედროვე პროთეზების მოხმარების წესებს სწავლობენ.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პროთეზისტ-ორთოპედები შეიარაღებული ძალების სამედიცინო დეპარტამენტში გააგრძელებენ სამსახურს. ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაშავებულ (ამპუტირებულ) ქართველ სამხედროებს უახლესი მიოელექტრო და ბიონიკურ პროთეზებს მოარგებენ, შეასწავლიან მოხმარების წესებს და გაუწევენ შესაბამის ტექნიკურ მომსახურებას.