საჩხერის სამთო მომზადების სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა. საზეიმო ღონისძიებაზე საჩხერეში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, დასავლეთ და აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფებების სარდლები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადის მეთურები იმყოფებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამხედროებმა სპეციალურად სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება გამართეს. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, კაპიტანმა ივანე ცხადაძემ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მოწვეულმა სტუმრებმა, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
პოლკოვნიკი ბესიკ ქუთათელაძე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცავის მინისტრის მოადგილე და ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე იყო. 1992 წლის 13 ივნისს საბრძოლო მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრა და 27 ივნისს გარდაიცვალა.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 2006 წლის 17 თებერვალს დაარსდა.