საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დღეს ოფიციალურად დაიხურა. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. პრემიერმა კონფერენციაზე მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება ქვეყნის პრიორიტეტია, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კი თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ნდობით ქართული ჯარი სარგებლობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დახურა. თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს საინტერესო დისკუსიებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. როგორც სიტყვით მიმართვისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენცია იდეებისა და აზრების გაზიარების უნიკალური საშუალება იყო, თუ როგორ გახდეს ჩვენი რეგიონი, საქართველო და ნატო უფრო უსაფრთხო. ასევე, როგორ მოვახდინოთ რეაგირება იმ მზარდ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას."
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრხოების კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფროების მე-9 კონფერენცია გუშინ ბათუმში სასტუმრო „შერატონში" გაიხსნა. ფორუმის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცააა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება, დაგეგმილი სამიტი უელსში, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ISAF-ის ოპერაცია და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა.