საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციამ (GDSC) დღეს სასტუმრო „შერატონში" მუშაობა განაახლა. კონფერენციის მეორე დღე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების განხილვას დაეთმო. პანელში „საქართველო ნატოს კართან" მთავარი მომხსენებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. ირაკლი ალასანიამ თავდაცვის რეფორმირების პროცესში მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მიერ მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს რეფორმებს. პანელის ფარგლებში საუბარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასაც შეეხო.
„ჩემი აზრით, დღეს უსაფრთხოების იმ არქიტექტურის ძალიან ღრმა ანალიზი გავაკეთეთ, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდეგ ჩვენს რეგიონში და ევროპაშია. ვისაუბრეთ კონკრეტულად, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს სრული ინტეგრაცია ნატოში ძალიან დაჩქარებული ფორმით, რათა საქართველოს საზოგადოებას დამატებით რეალური უსაფრთხოების და დაცულობის განცდა გაუჩნდეს. მე მგონია, რომ ამ დებატებიდან გამოიკვეთა მთავარი - მომავალ სამიტზე ბრიტანეთში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც საქართველოს აქცევს უფრო უსაფრთხოს. აქ იყო საუბარი, როგორც მრავალმხრივ ფორმატში ნატოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე, კონკრეტულად საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე. ეს ის მოლოდინია, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოს სამიტისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მთავარ ამოცანას." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დისკუსიას მოდერატორობას კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი უწევდა. გამომსვლელებს შორის ასევე საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ნატოში ლიტვის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი იყვნენ. "დღეს გამართულმა დისკუსიამ ნატოს თემაზე გვიჩვენა, რომ საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ნატოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მიაღწია, სათანადოდ იქნება აღიარებული უელსის სამიტზე. დარწმუნებული ვარ, სექტემბრის სამიტის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო დეტალურად გავიგებთ, თუ რა ფორმით მოხდება ამ პროგრესის აღიარება." - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა პანელის დასრულების შემდეგ.