საქართველოს თავდაცვის მინისტრი GDSC კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრს შეხვდა.
ირაკლი ალასანიამ ენდრიუ მურისონს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე ესაუბრა. შეხვედრის მთავარი თემა შემოდგომაზე დაგეგმილი ნატოს უელსის სამიტი იყო. მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების საკითხზეც. საუბარი ასევე, შეეხო ავღანეთის საერთაშორისო მისიასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დოქტორ მურისონს გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.