საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბათუმში თავის ესტონელ კოლეგასთან გამართა შეხევდრა. ირაკლი ალასანია და სვენ მიკსერი ერთმანეთს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ. მოგვიანებით შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონელ კოლეგას თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ძირითადი მიღწევები გააცნო. საუბარი შეეხო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, თავდაცვის უწყების გამჭვირვალობის გაზრდას, ასევე, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწას.
ირაკლი ალასანიამ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი ღირებულება ჯარისკაცია, შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და დაჭრილ სამხედროებზე ზრუნვა უწყების მთავარი პრიორიტეტია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან საუბრისას საერთაშორისო მისიებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა ასევე, რეგიონში არსებული ვითარება და ევროპის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.
ირაკლი ალასანიამ სვენ მიკსერს ესტონეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები