თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დღეს ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ-დალმაუს ნახატების გამოფენა მოეწყო. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სახელით ესპანელ მხატვარს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ეს პროექტი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ავღანეთის მისიაში გაღებულ წვლილს ეძღვნება. ჩვენი ბიჭები მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ბრძოლას დღესაც განაგრძობენ. საქართველო მზად არის ეს კურსი გააგრძელოს. ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია. საქართველო ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩება. აუგუსტოს ნახატებში კარგად ჩანს როგორც ჩვენი სამხედროების მებრძოლი სული, ასევე ის რთული გარემო, სადაც მათ უწევთ ცხოვრება." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ესპანელი მხატვარი ავღანეთში გაზაფხულზე იმყოფებოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ცხოვრობდა და მათ საქმიანობას ეცნობოდა. ესპანელი მხატვარი შთაბეჭდილებებს ნახატებში ასახავს. დაგეგმილია 25 ტილოს შესრულება. აუგუსტო ფერერ-დალმაუ ქართველი სამხედროები ავღანურ მისიაზე წიგნის დაწერასაც გეგმავს. დღეს, ბათუმში ესპანელი მხატვრის მხოლოდ 5 ტილო იყო წარმოდგენილი. აუგუსტო ფერერ-დალმაუ პროექტზე მუშაობას შემოდგომაზე დაასრულებს. მისი ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გამოიფინება. პროექტის ინიციატორი ესპანეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილია.