საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციის პირველი პანელი ევროპის უსაფრთხოებას მიეძღვნა. საქართველოს პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის მიმართვის შემდეგ, საერთაშორისო ფორუმი პანელით გაგრძელდა - "უსაფრთხო ევროპა: უსაფრთხოების პარადიგმების ცვლილება და ახალი მიდგომების ძიება."
პირველი პანელის გამომსვლელები იყვნენ ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ვეიონისი, ნატოში ესტონეთის ელჩი ლაური ლეპიკი, "ჩეთემ ჰაუსის" მკვლევარი ჯეიმს შერი და ამერიკელი ჟურნალისტი ჯეი დი გორდონი. პანელს მოდერატორობას უწევდა "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" თავმჯდომარე დავით სიხარულიძე.
პანელის მონაწილეებმა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა განიხილეს. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც. გამომსვლელებმა იმ ახალ რეალობებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიის შედეგად შეიქმნა. მონაწილეებმა ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგნიეს და ევროპაში შექმნილი ახალი გამოწვევების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.