დღეს, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სერვისის გენერალური მდივნის მოადგილეს მასეი პოპოვსკის ირაკლი ალასანიამ კონფერენციაში მონაწილეობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2014 წელი ევროკავშირთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მხარეებმა შეხვედრაზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს მონაწილოებაზეც ისაუბრეს. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული მონაწილეობს.
ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც დაესწრო. ევროკავშირის მხარეს სამხედრო სამსახურის დირექტორი, გენერალი ვოლფგანგ ვოსოლსობე, ევროკავშირის ქმედებათა სამსახურის CSDP სამმართველოს უფროსის მოადგილე ელენა ბუგულოვსკა და საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ტობიას ტაიბერგი წარმოადგენდნენ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სერვისის გენერალური მდივნის მოადგილე მასეი პოპოვსკი და სამხედრო სამსახურის დირექტორი, გენერალი ვოლფგანგ ვოსოლსობე კონფერენციის ფარგლებში "ევროკავშირი საზღვრებს გარეთ: თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის" პანელში მიიღებენ მონაწილეობას.