ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე, თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობასა და უკრაინის კრიზისზე.
საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
ფორუმის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცააა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება, დაგეგმილი სამიტი უელსში, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ISAF-ის ოპერაცია და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა.
თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მეცხრედ ტარდება. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს თავდაცვის კონფერენცია ჩამოყალიბდა უსაფრთხოების პოლიტიკის ფორუმად სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მიმოიხილავს როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის სფეროს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს, როგორც რეგიონული ასევე, საერთაშორისო კუთხით.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდ ვეიონისი, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი სვენ მიკსერი, გაერთიანებული სამეფოს მინისტრი საერთაშორისო სტრატეგიის საკითხებში ენდრიუ მურისონი, პოლონელი სენატორი ბოგდან კლიხი, მაღალი რანგის პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დახურავს.
მასალის გამოყენების პირობები