შეხვედრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლატვიელ სტუმარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა ლატვიელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტში „საქართველო III" ლატვიის მხარის აქტიური ჩართულობა.
მინისტრებმა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები იყო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რაიომონდ ვეიონისს ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო. მან განსაკუთრებით აღნიშნა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, მათ შორის ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამასთან შეერთება, შეიარაღებულ ძალებში გატარებული ინსტიტუციონალიზებული რეფორმები, წოდებრივ ანაზღაურებაზე გადასვლა, ჯარის დეპოლიტიზირება, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის განვითარება.
საქართველოსა და ლატვიის თავდაცვის მინისტრებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გააკეთეს.
მასალის გამოყენების პირობები