საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი, ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდ ვეიონისთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
გმირთა მემორიალთან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.