საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული ავღანეთის „გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში ჩართვისთვის ემზადება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სწავლებას გერმანიაში, ბაზა „ვილთფლეკენზე" და „ჰამელბურგზე" გაივლიან.
დღეს, ასეულის პირველი ნაკადი გერმანიაში გაემგზავრა. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა გააცილეს.
მომავალი 5 თვის განმავლობაში ქართველი სამხედროები წვრთნას გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან. სწავლების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდებათ. მომავალი თვეების განმავლობაში მე-4 ბრიგადის სამხედროები ინდივიდუალურ, ოცეულის და ასეულის დონის მომზადებას გაივლიან.
სწავლების დასრულების შემდეგ, მე-4 ბრიგადის ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიის შესრულებას გერმანელ სამხედროებთან ერთად შეუდგება.