სწავლებაში მონაწილე ქართულმა და ამერიკულმა ქვედანაყოფებმა კომბინირებული ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც პატრულირებას, ჩხრეკა-კორდონსა და ადგილობრივებთან გასაუბრებას ითვალისწინებდა. საჩვენებელი სწავლების დასკვნით ნაწილში კი ოპერაციის დროს პირობითად დაშავებულის ევაკუაცია განხორციელდა. საჩვენებელი სწავლება ISAF-ის მისიით გათვალისწინებული ტაქტიკით შესრულდა.
მოწვეული სტუმრებისთვის სწავლების ხელმძღვანელობამ სპეციალური პრეზენტაცია წარადგინა. სამხედრო სწავლების დაგეგმვასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 5 ამერიკელ საზღვაო ქვეითს უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე" გადასცა. დღესვე, სტუმრები საშტაბო სწავლებასაც დაესწრნენ.
„Agile spirit 2014"-ის მიმდინარეობისას მინდა გამოვყო ორი თემა: პირველი, ეს არის ბრიგადის დონის პირველი ქართულ-ამერიკული წვრთნები, როდესაც ჩვენი შტაბის ოფიცრები და ამერიკელები ბრიგადის დონეზე მთელ სამხედრო თეატრს ერთობლივად მართავენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იცით რომ 350-მდე ამერიკელი საზღვაო ქვეითია ჩამოსული და ამ პერიოდში ჩვენი არა მხოლოდ ურთიერთთავსებადობის კუთხით ხდება ნაბიჯის გადადგმა, არამედ რაც მთავარია, სავარაუდო საბრძოლო მოქმედებების სწორად დაგეგმვა ხორციელდება. მეორე, რაც დღეს ვნახეთ სწორედ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უკვე ტაქტიკურ ოპერატიულ დონეზე - პატრულირება, წმენდა და რა თქმა უნდა თავდასხმის მოგერიებაა. აი ამ ორ მომენტს დავაკვირდით და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამ გართულებული უსაფრთხოების გარემოში, ჩვენი ინტენსიური წვრთნები ამერიკელებთან და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან, მომავალ წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საჩვენებელ სწავლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები და ჯარის მეგობართა საზოგადოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. სწავლებას ასევე, დაესწრო აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეორე დივიზიის მეთაური ბრიგადის გენერალი ჯიმი ლუკმენი.
საჩვენებელი წვრთნით "Agile Spirit 2014"-ის აქტიური ფაზა დასრულდა. ერთობლივი სწავლების დროს ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის მისიით გათვალისწინებულ სამხედრო ამოცანებს ერთობლივად ასრულებდნენ.
საქართველოს თავდაცვს სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2014" 9 ივნისს დაიწყო.