საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 9 სპეციალური საარჩევნო უბანია გახსნილი. სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხმის მიცემის პროცესი სხვადასხვა ბაზებზე დილის რვა საათიდან, სარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყო. სპეციალურ უბნებზე არჩევნებში ის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილობენ, რომელთაც სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე დღეს სამხედრო ნაწილში უწევთ ყოფნა. თბილისში, საინჟინრო ბრიგადაში გახსნილ საარჩევნო უბანზე, არჩევნებში 580 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მათმა დიდმა ნაწილმა თავისი არჩევანი დილიდან გააკეთა.
სპეციალური საარჩევნო უბნების რაოდენობა 2015 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თავდაცვის სამინისტრომ მაქსიმალურად შეამცირა. დღეს სამხედრო მოსამსახურეების 85 პროცენტზე მეტი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისცემს ხმას. სპეციალური საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია: თბილისში, გორში (3), ხაშურში, ქუთაისში, ბაღდათში, სენაკსა და ბათუმში. ამ უბნებში ხმას 3 300-მდე სამხედრო მოსამსახურე მისცემს. 1 200-მდე სამხედრო მოსამსახურე კი არჩევნებში მონაწილეობას სამხედრო ნაწილის ახლოს მდებარე საარჩევნო უბნებში მიიღებს. თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამხედრო მოსამსახურეების საარჩევნო უფლებების დაცვას და შეიარაღებულ ძალებში სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებას. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა საარჩევნო პრცესი კანონმდებლობის დაცვით, მშვიდ ვითარებაში განხორციელდეს.