ვაზიანში, სამხედრო პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2014" -ის ფარგლებში საცეცხლე მომზადება დასრულდა.
ორი დღის განმავლობაში ქართველი და ამერიკელი სამხედროები სხვადასხვა ტიპის და კალიბრის იარაღებიდან სროლის ტექნიკას ეუფლებოდნენ.
პრაქტიკული სავარჯიშოები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან, ტყვიამფრქვევებიდან და დაზგის ავტომატური ყუმბარმტყორცნებიდან ხორციელდებოდა. სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეების დაზიანების ხარისხის მიხედვით, სამხედროები შესაბამის ქულებს მიიღებენ, რაც ჯარისკაცების შეფასებაში აისახება.
საცეცხლე მომზადების შემდეგ იგეგმება ტაქტიკური სწავლებები, რომელიც ქართულ-ამერიკული შემაჯამებელი წვრთნით დასრულდება. ტაქტიკური სწავლებების დროს სამხედროები ისეთ ოპერაციებს განავითარებენ, რომელსაც ავღანეთში, ISAF-ის მისიაში ასრულებენ.
წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350-მდე სამხედრო და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი მონაწილეობს.