სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" მესამე ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი გაიმართა. კონრად ადენაუერის სახელობის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში საქართველოსა და გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დღეს, ფორუმი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ გერმანულ-ქართულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
მოხსენებისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თავდაცვის სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც შეეხო. მან გერმანულ მხარეს სერჟანტთა მომზადების ცენტრის განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ნატოსთან დაახლოების კუთხით გერმანიის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
სემინარის მონაწილეებმა გერმანია-საქართველოს სტრატეგიულ ხედვებსა და ინტერესებზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, კონფლიქტების მოგვარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე იმსჯელეს. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის საკითხები და სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
დღესვე, ფორუმის ფარგლებში, ირაკლი ალასანიამ გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან, კარლ ლამერსსა და ანდრეას შტოკენჰოფთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
სტრატეგიული ფორუმის მიზანია, რეგულარული დიალოგის სახით ჩამოაყალიბოს ნახევრად ფორმალური პლატფორმა სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ. ფორუმის ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების აქტუალურ თემებზე, ასევე, ერთობლივი კვლევებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად რეკომენდაციები შემუშავდა.
მასალის გამოყენების პირობები